საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის და „სთეიქჰაუსი ნომერი 1“-ის მფლობელ შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რესტორანში სადილის გაძვირება კომპლექსური ფაქტორების შედეგია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" განაცხადა, სადაც საქსტატის უახლესი ინფორმაცია გააანალიზა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რესტორანში სადილი წინა წლის მაისთან შედარებით, საშუალოდ 7.6%-ით გაძვირდა. კონკრეტულად კი, რესტორნებსა და კაფეებში ხინკალი წლიურად 4.5%-ით გაძვირდა, ხაჭაპური - 11.6%-ით, ლუდი - 10.5%-ით. გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც - წლიურად 6.2%-ით.
შოთა ბურჯანაძემ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, რა ფაქტორები განაპირობებს ფასების ზრდას და რატომ არ არის ეს პროცესი მხოლოდ ბიზნესოპერატორების სურვილზე დამოკიდებული.
მან რამდენიმე ძირითადი კომპონენტი გამოყო:
ინგრედიენტებისა და პროდუქტის გაძვირება - რესტორატორის თქმით, ფასების ზრდა მიბმულია ნედლეულის თვითღირებულებაზე.
"მაგალითად, ხინკალი რომ 4.5%-ით გაძვირდა, ეს იქიდან გამომდინარე კი არაა, რომ ერთიანად რესტორატორები შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს - მოდი, ახლა ხინკალი გავაძვიროთ - არა, იმიტომ რომ რაღაც ინგრედიენტი გაძვირდა და შესაბამისად, იმ პროცენტული მარჟით, რომლითაც რესტორანი მუშაობს, გაძვირება პროგრამაში ავტომატურად ისახება", - თქვა მან.
შრომითი და საკანონმდებლო სტანდარტების გამკაცრება - შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულთა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით სტანდარტების შეცვლა პირდაპირ აისახება ბიზნესის ხარჯებზე.
"როდესაც სარესტორნო სტანდარტებთან ერთად საკანონმდებლო რეგულაციებიც იცვლება, ჩნდება დასაქმებულის ზეგანაკვეთური შრომის დამატებითი ანაზღაურების აუცილებლობა. როდესაც შევდივართ გარემოში, სადაც შრომითი სტანდარტები და ადამიანის უფლებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ხინკლის ან ხაჭაპურის ფასი, ეს, რა თქმა უნდა, მომსახურების გაძვირებას იწვევს", - აღნიშნა მან.
გადასახადების ადმინისტრირება და უნაღდო ანგარიშსწორება - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ ბაზრის გამჭვირვალობის ზრდა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემცირება ბიზნესს აიძულებს, სრულად ასახოს ყველა გადასახადი.
"გაიზარდა საგადასახადო კულტურა. ადამიანები უკვე მიეჩვივნენ გადასახადების გადახდას. თავის არიდება რომც გინდოდეს, პრობლემატური იქნება, იმიტომ რომ დღეს ქეშით თანხას იშვიათად თუ იხდის ვინმე", - თქვა მან.
შოთა ბურჯანაძის პროგნოზით, ფასების მზარდი დინამიკა მანამ გაგრძელდება, სანამ ბაზარი სრულ სტანდარტიზაციას არ მიაღწევს. „ეს ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ სრულ სტანდარტიზაციას არ მივაღწევთ. მერე ეს ყველაფერი უკვე ნაკლებად მტკივნეული იქნება, პროცესი ისე დალაგდება, რომ ამ თემაზე საერთოდ აღარ ვისაუბრებთ”, - აღნიშნა მან.
ფასებისა და ეკონომიკური კომპონენტების მიღმა, შოთა ბურჯანაძემ “წერტილთან” ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რესტორნის, როგორც სოციალური და ემოციური სივრცის მნიშვნელობას.
"რესტორანი, საბედნიეროდ, აღარ არის მხოლოდ შიმშილის დამაკმაყოფილებელი ადგილი. რესტორანი არის ემოციების სივრცე - პირველი სიყვარულის ახსნა, ოჯახური შეკრებები, მეგობრებთან ერთად ყოფნა თუ ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება. დღეს, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არის რესტორანი. აი, ძველ საბერძნეთში თუ აგორა იყო ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, დღეს ეს ვითარება რესტორანში გვაქვს.“
რესტორატორი მიიჩნევს, რომ მომხმარებლისთვის მთავარი პროდუქტი სწორედ მიღებული შთაბეჭდილება და მასპინძლობის ხარისხია და არა - კერძი.
„მინდა იცოდეთ, რომ ადამიანი ყიდულობს არა - რომელიმე კერძს, არამედ ყიდულობს ემოციას. ყოველთვის ადამიანებს ამახსოვრდებათ არა რომელიმე კერძი ან რომელიმე ინგრედიენტი, არამედ თუ როგორ დახვდნენ მას... პირველი, რასაც ყურადღება ექცევა, თუ რა ემოციას ატან რესტორანში მოსულ სტუმარს”, - დასძინა შოთა ბურჯანაძემ.




























