მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adapter-ი - მეწარმე ქალების ციფრული ადაპტაცია

6098d39c6064c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.21 11:12
1360
ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ი "საქართველოს ბანკის" პროექტია, რომელიც Visa-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებს ბიზნესის განვითარების, წინსვლისა და ახალ პირობებთან ადაპტაციას უწყობს ხელს.

ბანკის მიერ მეწარმე ქალებისთვის შეთავაზებული სიახლე მრავალმხრივია და მისი საშუალებით, მონაწილეებს დისტანციურ გაყიდვებს, მარაგების მართვას, საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, დისტრიბუციისა და ლოგისტიკის წარმართვას უადვილებს. საქართველოს ბანკში მიიჩნევენ, რომ პანდემიის პერიოდში ელექტრონულ კომერციაზე გაზრდილი მოთხოვნისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ამგვარი პროგრამების გააქტიურება, მისი რაც შეიძლება მეტი მეწარმის საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგება ბიზნესის მეტად გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს ბიზნესისთვის ციფრული გაყიდვების არხის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი მეწარმე ქალების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ, მარტივად გააციფრულონ საკუთარი ბიზნესები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინგაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მეწარმე ქალებისა და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

რაც შეეხება ციფრული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს, BM.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია - რა შესაძლებლობებს აჩენს ეს სიახლე მეწარმე ქალებისთვის.

„კალეისი“ ვერცხლის აქსესუარების სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან შემოვიდა. მეწარმე ქალების მიერ ამოქმედებულმა ბიზნესიდეამ 2019 წლიდან გაყიდვები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდის მეშვეობითაც დაიწყო. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, Adapter-ში მათი ჩართვა გაყიდვების გაზრდისა და ბიზნესპროცესების მართვის კარგი შესაძლებლობაა.

„საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობით, დღეს ჩვენ პროდუქცია ელექტრონული კომერციის ვებგვერდ Extra.ge-ზე განთავსდა. ეს ქალებისთვის კარგი მოტივაციაა და ჩვენთვის ასეთ პროექტში მონაწილეობის პირველი შემთხვევაა, რაც უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას გვაძლევს. ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი აქსესუარები არა მხოლოდ Facebook-ისა და Instagram-ის გვერდების საშუალებით, არამედ ონლაინგაყიდვების ვებგვერდის საშულებითაც გავყიდოთ. Extra.Ge-ის დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს და „კალეისისთვის“ მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

პროგრამის ფარგლებში "საქართველოს ბანკთან" და VISA-სთან თანამშრომლობის მიმართულებით დადებითი მოლოდინი გვაქვს, რადგან მობილიზებულები არიან, რომ ხელი შეგვიწყონ. მათგან გარკვეული სახის რეკომენდაციები მივიღეთ და ვიღებთ, რაც საქმიანობის ამ მიმართულებით განვითარებაში გვეხმარება“, - განაცხადა მარიამ ხუხუნაიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვერცხლის აქსესუარების მწარმოებელ კომპანიას დღემდე 50-მდე ბეჭდისა და საყურის მოდელი აქვს დამზადებული, ხოლო ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირების შემდეგ მეწარმე ქალები მოდელების რაოდენობას 60-მდე გაზრდიან.

კომპანია „პოტერჰედი“ ჰარი პოტერისა და, ზოგადად, პოპკულტურის მოყვარულებისთვის საქართველოში მაღალი ხარისხის ნაწარმს ქმნის. სხვადასხვა დიზაინის სამოსს და აქსესუარებს პარტნიორი მეწარმე ქალები 2020 წლის ნოემბრიდან აწარმოებენ და ონლაინვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით ახდენენ რეალიზაციას. „პოტერჰედს“ 80-მდე დასახელების პროდუქტი აქვს. მეწარმე ქალები თავიანთი ბიზნესით Adapter-ში ერთი თვეა, რაც ჩაერთვნენ და პროდუქტი ციფრული კომერციის პლატფორმა Extra.ge-ზე განათავსეს.

„ციფრული ადაპტაციის პროგრამა ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ უფრო დიდ აუდიტორიას მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, გავზარდოთ ცნობადობა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია წახალისების მექანიზმები, რომლებიც "საქართველოს ბანკს" მეწარმე ქალებისთვის აქვს. ეს იქნება სესხის პირობები თუ სხვა პროგრამები, რომლებიც ბიზნესში მეტი ქალის ჩართვას უწყობს ხელს“, - აღნიშნა „პოტერჰედის“ თანადამფუძნებელმა თამარ გახოკიძემ.

სხვადასხვა ტიპის გაჯეტების რეალიზაციის კომპანია „კლიკი“ ბაზარზე 2020 წლის დეკემბერში გამოჩნდა. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ გაჯეტების 90% საქართველოს ბაზარზე მხოლოდ მათ შემოაქვთ და ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება და რომელთა გაცნობის შემდეგაც მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება.

„სტარტაპი ექვსმა მეგობარმა საკუთარი დანაზოგებით ავამოქმედეთ და რესურსი მხოლოდ ვებგვერდის ამოქმედებასა და პროდუქციის შემოტანაზე გვეყო. ჩვენი გაყიდვები თავიდანვე ციფრული იყო, თუმცა Adapter-ში ჩართვითა და Extra.ge-ზე პროდუქციის განთავსებით გაყიდვების არეალი მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, ჩვენ "საქართველოს ბანკთან" ვთანამშრომლობთ და შევიტანეთ საგრანტო განაცხადი, რათა ციფრული მომსახურების პროგრამა Optimo-ს შეძენა დაეფინანსებინათ, რაც კომპანიაში გაყიდვებისა და მარაგების მართვას გააციფრულებდა და უფრო გაამარტივებდა. "საქართველოს ბანკმა" ეს გრანტი მოგვცა და ამ მომსახურებას 6 თვის განმავლობაში გვიფინანსებს.

დღეს, დაახლოებით, 200-მდე დასახელების პროდუქტი გვაქვს, რომლის რეალიზება წარმატებით მიმდინარეობს და გაყიდვების გაორმაგების მოლოდინი გვაქვს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას სამომავლო პროექტების ფარგლებშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა „კლიკის“ თანადამფუძნებელმა თათია ბერიაშვილმა.

აღსანიშნია, რომ "საქართველოს ბანკი", რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, „Adapter“-ში ბანკის მომხმარებელ 100 მეწარმე ქალს ავტომატურად ჩართავს, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმე ქალმა მიიღოს დროული გადაწყვეტილება და გააციფრულოს საკუთარი ბიზნესის გაყიდვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები