აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად. საუბარია პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაზრდაზე.
“ეს პროგრამა წარმოადგენს ADB-ის ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ პაკეტს, რაც საქართველოში ჯანდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად,” - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა, - “პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს.”
“ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად ეს პროგრამა საქართველოს ასევე დაეხმარება მოამზადოს ჯანდაცვის პროვაიდერები და მოსახლეობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენისთვის, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება,” - განაცხადა ADB-ის ჯანდაცვის უფროსმა სპეციალისტმა ბრაიან ჩინმა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს არაგადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელი აქვს, მათ შორისაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სიმსივნე და დიაბეტი, რაც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად დაბერების შესაძლებლობას. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების გაძლიერება კი გააუმჯობესებს ამ დაავადებების მართვას, რომელთა უმრავლესობა შექცევადია.
"პროგრამა ეხმარება მთავრობის პირველადი ჯანდაცვის პაკეტის გაუმჯობესებას, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს გაზრდილ სერვისებზე უკეთესი წვდომა განსაკუთრებით ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის. ის ასევე ხელს შეუწყობს სტრატეგიულ შესყიდვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლების რაოდენობის გაზრდის მიზნით და ციფრული საინფორმაციო სისტემების გაძლიერებას ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი მართვისთვის", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.