მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის $70 მლნ-ით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რეგიონში პროფესიული განათლების ცენტრები შენდება

ADB

აზიის განვითარების ბანკი (ADB) აგრძელებს 2020 წელს დამტკიცებულ პროგრამას, რომლითაც პროფესიული განათლება უნდა განვითარდეს ქვეყანაში. ბანკმა პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს საქართველოს ჯამში 70 მლნ დოლარის მოცულობის სესხი დაუმტკიცა.

ADB-ის ინფორმაციით, პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ სამიზნე სკოლებში პროფესიული განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვალეში, სკოლის მიმდებარედ შენდება პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგების სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ხოლო ასპინძაში რემონტდება სკოლის ტერიტორიაზე არსებული შენობა, სადაც განთავსდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კულინარიის შემსწავლელი კურსები. მშენებლობები ამ პროექტის ქვეპროგრამის ფარგლებში შენდება, რომლის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 68 მლნ ლარია.

როგორც ვთქვით, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 70 მლნ დოლარი იყო, თუმცა მას აქვს ასევე ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს ADB-მ საქართველოს 68 198 000 ლარის (25 მლნ დოლარი) სესხი დაუმტკიცა. ბანკი აცხადებდა, რომ ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაში. პროექტის მიზანია რეგიონების 20 საჯარო სკოლაში მოეწყოს პროფესიული სწავლებისა და გადამზადებისთვის საჭირო სივრცეები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეისწავლის მოთხოვნად პროფესიებს და გაიუმჯობესებს დასაქმების შანსებს.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები