მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პროფესიული განათლებისთვის ADB-იმ 68 მლნ ლარის სესხი დაამტკიცა

ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ADB აქვეყნებს.

დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა. როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა, რაც განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით. ADB-ის ცნობითვე, გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები, განვითარდა “პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები.

“მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იმედის მომცემ შედეგებს ვხედავთ, რადგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და ისტორიულად დაბალია უმუშევრობის დონე. ADB მზადაა განაგრძოს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა,” - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა, - “პროფესიული პროგრამების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებით მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმების დონე და ასევე ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უკეთესი უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსის განვითარებით.”

როგორც ADB-ში აცხადებენ, ქვეპროგრამა 2 ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში.

“ეს პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას და აძლიერებს ეკონომიკას პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებით რეგიონული ცენტრებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში,” - განაცხადა ADB-ის სოციალური საკითხების სპეციალისტმა მამატკალილ რაზაევმა, - “კერძო სექტორის სტრუქტურული ჩართულობა ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მართვაში ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალმხრივ ეკონომიკურ განვითარებას და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.”

ADB-ის ცნობით, პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოსახლეობისთვის. ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით. პროგრამა სოციალური და კლიმატის მხრივ მოწყვლად თემებში მცხოვრებ სტუდენტებს აღჭურვის კლიმატის ცვლილების პირობებში აუცილებელი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.

"ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას,"- ნათქვამია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები