მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის ახალი სტრატეგია საქართველოს რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება - ბანკის განცხადება

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო დონორია, საქართველოსთვის 2024-2028 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ისინი გააგრძელებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე სამუშაო ძალის უნარების ზრდისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის მიზნით.

აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, მათი სტრატეგია ორიენტირებულია საქართველოს დაეხმაროს ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ გარდაქმნაში. ADB-ის თანახმად, გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორის პროექტებშიც.

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის უმსხვილესი ფინანსური დონორი სწორედ აზიის განვითარების ბანკია, რომლის მიმართაც სახელმწიფო საკრედიტო პორტფელის ზომა 2.24 მილიარდი დოლარია.

"თანამშრომლობის ხუთწლიანი, 2024-2028 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

ADB-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს და ჩვენი მიზანია ქვეყანას დავეხმაროთ მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების გაძლიერებაში მისი მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობის მიზნით,“ განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

სახმელეთო და საჰაერო კავშირების გამყარება, ვაჭრობის გაფართოება და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება აუცილებელია მდგრადი და მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს იმ მისწრაფებების განსახორციელებლად, როგორიცაა ევროპასა და აზიას შორის რეგიონის კარიბჭის როლი და ევროკავშირის წევრობა. ახალი სტრატეგია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახელმწიფო განვითარების სტრატეგიის (ხედვა 2030) სამ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე საჯარო ადმინისტრირება.

„ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, როცა ქვეყანა აგრძელებს მუშაობას რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად განვითარებისთვის კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურისა და ძლიერი სოციალური დაცვის გაძლიერების კვალდაკვალ,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ADB როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი განვითარების პარტნიორი, განაგრძობს ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპლექსური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რეფორმების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის გაძლიერების პარალელურად.“

ADB განაგრძობს საქართველოში მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელის განვითარების მხარდაჭერას, კლიმატისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგობის გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წარმოებისა და ვაჭრობის გაფართოებას. ბანკი ასევე განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას საქართველოში სოციალური დაცვის გასაძლიერებლად, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრების განსავითარებლად და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მხარდაჭერას მათ შორის პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს,"- ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები