აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სს „რუსთავის აზოტთან“ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროექტი საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით სასუქების წარმოების მოდერნიზაციას ითვალისწინებს. სასესხო შეთანხმების შესახებ ინფორმაციას თავად ADB ავრცელებს.
ADB-ის თანახმად, პროექტი ხელს შეუწყობს ამიაკისა და მაღალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის არსებული საწარმოო ხაზების მოდერნიზაციას, მათ შორის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დამონტაჟებას. აღნიშნული კომპლექსური მიდგომა გააძლიერებს სასუქების მიწოდების ჯაჭვს, შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და სათბურის აირების ემისიას წელიწადში 120,000 ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტით. ეს პროექტს მეტად ხარჯეფექტურს ხდის ექსტრემალური ამინდის პირობების შედეგების შერბილების თვალსაზრისით.
"ეს დაფინანსება მნიშვნელოვნად დააჩქარებს საწარმოს მოდერნიზაციისა და დეკარბონიზაციის პროცესს, რაც საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინდუსტრიისა და გარემოს სასიკეთოდ. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო ავამაღლოთ „რუსთავის აზოტის“ კონკურენტუნარიანობა მიმდინარე განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების მეშვეობით“, — აღნიშნა Indorama Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარემ, ამიტ ლოჰიამ.
2025 წლის ნოემბერში რუსთავის აზოტმა მსგავსი საკრედიტო შეთანხმება გააფორმა EBRD-თანაც, სესხის მოცულობა 65 მილიონ დოლარს შეადგენს.
"რუსთავის აზოტმა" გამომუშავებული კარბოემისიების შესამცირებლად ქარხნის პერიმეტრზე 24-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.




























