მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-მა 2025 წელს საქართველოსთვის $1 მილიარდის სესხები დაამტკიცა - ბანკის ანგარიში

adb

აზიის განვითარების ბანკმა 2025 წელს საქართველოსთვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისთვის საერთო ჯამში 1 მილიარდი დოლარის სესხები დაამტკიცა - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის მითითებული. ეს მთლიანად ADB-ის მიერ გასულ წელს დამტკიცებული კრედიტების 2.3%-ს შეადგენს.

ბანკის მიერ სახელმწიფო სექტორისთვის გამოყოფილი კრედიტების მოცულობა 707 მილიონი დოლარია, დანარჩენი დაფინანსება კი კერძო სექტორისკენ არის მიმართული.

ADB-ის მიერ გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ახალი 11-კილომეტრიანი გზაა, რომელიც თურქეთის საზღვართან 7-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას მოიცავს. სასესხო შეთანხმების ღირებულება 359.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე უმსხვილესი პროექტია რეგიონებში სასმელი წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესების პროექტი, რომლითაც არანაკლებ 43 დასახლების წყალმომარაგების გაუმჯობესება უნდა მოხდეს. ამ პროექტის ბიუჯეტია 233 მილიონი დოლარი. ADB-მა 2025 წელს საქართველოსთვის ასევე დაამტკიცა 111.8 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ენერგიის დაგროვების (ელექტრობატარეის) პროექტს შეეხება. პროექტით, 200 მეგავატ-საათის ტევადობის ელექტრობატარეა უნდა მოეწყოს, რომელმაც საჭიროების მიხედვით, დაგროვებული ენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. მეოთხე პროექტი, რაც ADB-მა სახელმწიფო სექტორისთვის დაამტკიცა იყო ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საკონსულტაციო სამუშაოების დაფინანსება 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ მხრივ ყველაზე მსხვილია 100 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელიც ADB-მა გამოუყო TBC ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მხარდაჭერისთვის. ვაჭრობის ფინანსირებისთვის ბანკებისთვის გამოყო 69.7 მილიონი დოლარის დაფინანსება; კომპანია რუსთავის აზოტის ენერგოეფექტურობის ამაღლებისთვის და ახალი საწარმოო ხაზის მოწყობისთვის ADB-მა 50 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო 3.3 მილიონი დოლარის დაფინანსება კი ADB-მა "კრედო ბანკისთვის" გამოყო მცირე მეწარმეების დაფინანსების მხარდაჭერისთვის.

მთლიანობაში ბანკის მიერ გასულ წელს დამტკიცებული 43.9 მილიარდი დოლარის სესხებიდან ყველაზე დიდი - 6.8 მილიარდის დაფინანსებას ფილიპინები მიიღებს; მეორე ადგილზეა ინდოეთი 6.4 მილიარდით; მესამეზე კი ბანგლადეში 5.2 მილიარდის ახალი საკრედიტო პორტფელით. საქართველო ამ მხრივ მეთორმეტე პოზიციას იკავებს 1 მილიარდი დოლარით.

ADB-ის ჯამური საკრედიტო პორტფელი 221 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოზე გამოყოფილი დაფინანსების ჯამური მოცულობა 3.9 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები