აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი და მოწყვლადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.
"ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს,"- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
ADB-ის უახლესი ანალიზის მიხედვით, ტრანსპორტირების მარშრუტებში შეფერხებებმა უკვე გაზარდა ხარჯები და მიწოდების დრო, ხოლო მიწოდების რისკები სცდება ენერგეტიკას და მოიცავს მნიშვნელოვან სამრეწველო ნედლეულს — როგორიცაა ქიმიკატები და სასუქები — რაც სერიოზულ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობასა და სასურსათო წარმოებაზე. ამასთან, ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნები პირველადი შოკების გარდა სხვა მხრივაც კომპლექსურად მოწყვლადები ხდებიან. გარდა ამისა, კონფლიქტი ზრდის გაურკვევლობას და ამკაცრებს ფინანსურ პირობებს მთელ რეგიონში, რაც ზეწოლას ახდენს ვალუტებსა და კაპიტალის ნაკადებზე.
ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ADB მზადაა გამოყოს დროული ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რითაც ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს რისკების მართვაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვაში. ბანკის ჩარევის ორი მთავარი კომპონენტია:
პირველი — სწრაფი საბიუჯეტო დახმარება გაზრდილი ფისკალური წნეხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის ანტიციკლური მხარდაჭერის მექანიზმის გამოყენება, რათა მთავრობებმა შეინარჩუნონ ეკონომიკების სტაბილურობა და შეარბილონ შოკების გავლენა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.
მეორე — ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ფინანსური პროგრამა (TSCFP), რომელიც კერძო სექტორს დაეხმარება კრიტიკული იმპორტის, მათ შორის ენერგიისა და საკვების, უწყვეტ უზრუნველყოფაში. ბანკმა დროებით, გამონაკლისის წესით აღადგინა ამ პროგრამის ფარგლებში ნავთობის იმპორტის მხარდაჭერა. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო რეგიონის ეკონომიკებსა და მოსახლეობას ადგება.
ADB-ს დაწყებული აქვს მოლაპარაკება ყველა მძიმედ დაზარალებულ წევრ ქვეყნებთან შესაძლო დაუყოვნებლივ მხარდაჭერის შესახებ და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირება ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოსახლეობის ღარიბი და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.
ბანკი კონკრეტული ქვეყნების და დახმარების პაკეტის ზომის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ აქვეყნებს.




























