საწვავის მზარდი ფასების გავლენის შესამსუბუქებლად ავსტრალიის ორ შტატში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა.
შტატის მთავრობის მიერ ელექტრონული ფოსტით გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიქტორიას შტატის მცხოვრებლები 30 აპრილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. ტასმანიის შტატის მოქალაქეებისთვის კი ავტობუსებსა და ბორნებზე მგზავრობის საფასური 1 ივლისამდე გუქმდა.
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებული ომის გამო საწვავის მიწოდების შეფერხების რისკის წინაშეა. რამდენიმე ასეული ბენზინგასამართი სადგური დეფიციტის შესახებ იტყობინება, მიწოდების შეფერხებები დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორებშიც.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მომარაგება უზრუნველყოფილია, რითაც ის შეშფოთებული ოჯახებისა და ბიზნესების დამშვიდებას შეეცადა.
საწვავის მაღალი ხარჯები ასევე ართულებს ცენტრალური ბანკის ინფლაციურ პროგნოზებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულ მიწოდების შოკამდეც, ფასებზე ზეწოლა უკვე გაზრდილი იყო.
ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა ბოლო სხდომაზე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 4.1%-მდე გაზარდა. ამ გადაწყვეტილებამ საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.




























