მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-სა და m²-ს შორის გაფორმებული $10 მილიონის სასესხო ხელშეკრულება წლის სოციალურ-ინფრასტრუქტურულ გარიგებად დასახელდა

62ac36d60a375
BM.GE
17.06.22 11:18
887
საერთაშორისო მულტიმედია კომპანიამ - The Asset აზიის განვითარების ბანკის მიერ m²-ისთვის მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა წლის სოციალურ-ინფრასტრუქტურულ გარიგებად დაასახელა. The Asset Triple A Awards-ის ჯილდო m²-მა დეველოპერულ სექტორში გამორჩეული საქმიანობისა და პარტნიორობისთვის მიიღო.

The Asset-მა გამარჯვებული ორგანიზაციები მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგიით შეარჩია. საუკეთესო კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიაში კომპანიების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება მქონე რედაქტორთა საბჭომ გამოავლინა. საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად, გამარჯვებულები მომხმარებლებთან სიღრმისეული ინტერვიუების და მონაცემთა ანალიტიკის შედეგად შეირჩნენ. ანალიზი წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Asset Benchmark Research-მა ჩაატარა.

ამასთანავე, მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარებისთვის ADB-სა და m²-ს შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმება აზიის განვითარების ბანკის 2021 წლის კერძო სექტორის პუბლიკაციაში მოხვდა, როგორც საუკეთესო მაგალითი ინკლუზიური ხელმისაწვდომობის შესაქმნელად.

„მოხარული ვართ m² - ის მორიგი აღიარებით. The Asset-ის ჯილდო და ADB-ის წლის პუბლიკაციაში მოხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დეველოპერულ სექტორში ჩვენს მოწინავე პოზიციასა და მთავარ ღირებულებას - ვიყოთ ინოვაციურები და დავნერგოთ საუკეთესო სამშენებლო სტანდარტები ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, m² - ის მაცხოვრებლებს ყველა პირობა შევუქმნათ კომფორტული, თანამედროვე და მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის. ეს საერთაშორისო აღიარებაც ამის დასტურია“, - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m² - ის გენერალური დირექტორი.

“2021 წელს, აზიის განვითარების ბანკმა შპს „ოპტიმას“, რომელიც m² -ის და Georgia Real Estate-ის (GRE) შვილობილი კომპანიაა, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო ორი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი, უპრეცედენტო სესხია”, - განაცხადა ADB-ის ინვესტიციების უფროსმა სპეციალისტმა, დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) შპს „ოპტიმას“ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი 2021 წელს გამოუყო. ფინანსური რესურსი 3 700 ენერგოეფექტური ბინისაგან შემდგარი, ორი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებას მოხმარდება ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით.

m²-მა საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვის საერთაშორისო შესაძლებლობა საქართველოში პირველმა აითვისა და შექმნა პრაქტიკა სხვა სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიებისთვის, მომავალში, მსგავსი ტიპის ინვესტირების მოსაპოვებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები