აზიის განვითარების ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე შეინარჩუნა. 2025 წლისთვის კი ორგანიზაცია საქართველოში 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ADB საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლესლი ბეარმენ ლამი აღნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია საქართველომ ყურადღება გაამახვილოს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაზე, ადამიანური კაპიტალის რეფორმასა და მწვანე ეკონომიკაზე.
“საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება რეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და უფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობის სოციალურ დაცვას გააძლიერებს,"- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
ამასთან, ADB საქართველოში წელს 3.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, 2025 წლისთვის კი მის 4%-მდე დაჩქარებას.
"გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონში, შესაძლოა, შეანელოს სერვისების სექტორის ზრდა 5.5%-მდე. მრეწველობის ზრდა 2024 წელს 4.2%-ით არის პროგნოზირებული ფეროშენადნობთა მაღალი წარმოების ხარჯზე. სოფლის მეურნეობის ზრდა 2024 წელს 0.5%-მდე შემცირდება, მომავალ წელს კი 1.1%-მდე გაიზრდება მთავრობის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისა და დაზღვევისა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების შედეგად,"- ნათქვამია ADB-ის მიმოხილვაში.
საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიულ გამოწვევებს შორის ADB დემოგრაფიულ ვითარებას ასახელებს, რაც სამუშაო ძალის მოცულობაზე აისახება.
"საქართველოს მოსახლეობა ბერდება, მოსახლეობის ჩანაცვლების დონეზე დაბალი შობადობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო. სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით. მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში,"- აღნიშნულია ADB-ის მიმოხილვაში.