აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ADB-ის ახალი პროგნოზით, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.
ADB-ი ამ რეგიონში საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს. ახალი პროგნოზით ამ რეგიონში წელს 4.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია. ამ რეგიონში უფრო დეტალურად ADB-ის წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკის - ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც წელს 3.8% იქნება. აღნიშნული პროგნოზი აპრილის პროგნოზის ანალოგიურია.
ამ რეგიონის სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ADB-ის ანგარიშში პროგნოზი წარმოდგენილი არაა, აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში კი ADB-ი მიუთითებდა, რომ 2024 წელს საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა მოსალოდნელი.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ADB-ი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში 2024 წლის პირველ 4 თვეში 9%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც განპირობებულია ქვეყანაში ძლიერი საბანკო დაკრედიტებით, ადგილობრივი მოხმარებითა და ინვესტიციებით. აზერბაიჯანს ანალოგიურ პერიოდში 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო სომხეთს 9.2%-იანი ზრდა. შესაბამისად არსებული მდგომარეობით კავკასიის რეგიონში ყველაზე სწრაფად სომხეთის ეკონომიკა იზრდება.