მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

64b6ad4acfb40
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.23 19:30
3920
კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ სომხეთში ნარჩუნდება - სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მაისში ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორმა 13.7% შეადგინა.

სომხეთში წელს არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ექსპორტი განაპირობებს. მაისისგანმავლობაში ქვეყნიდან 526 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 147%-ით მეტია. პერიოდის განმავლობაში ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდიოდა.

ასევე, 152%-ით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც აპრილის განმავლობაში 998 მილიონი დოლარი შეადგინა.

სომხეთში მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.3% შეადგინა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, 2023 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 49.6 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია.

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა, ხოლო არა-სანავთობო სექტორში ზრდამ 4% შეადგინა.

სექტორების მიხედვით, აზერბაიჯანის ეკონომიკის შემადგენლობა ასეთია:

წარმოება - 45.5%;
ვაჭრობა - 9.1%;
მშენებლობა - 4.5%;
სოფლის მეურნეობა - 3.6%;
კომუნიკაციები - 1.6%;
სხვა სექტორები - 17.9%.

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის 5 თვეში ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 4,890 მანათი იყო.

ამ დროისთვის საჯაროა თურქეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 3 თვის შედეგები, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა.

ამასთან, თურქეთში ივნისში ინფლაციის დონემ 38.2% შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით შემცირებას წარმოადგენს, რადგანაც მაისში ოფიციალური ინფლაცია 39.6% იყო.

ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაისში 9.5%-მდე შემცირდა. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მაისში წლიურ ჭრილში კერძო სექტორის ბრუნვა 52.7%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ შემოსავლების ასეთი მატება ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები