მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილი სავაჭრო პარტნიორების ათეულსა და ვიზიტორების სამეულში - როგორია ეკონომიკური კავშირები სომხეთთან?

2323

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომა ირაკლი კობახიძის და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. "სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

გთავაზობთ მონაცემებს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ:

ვაჭრობა

საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით, სომხეთი მოწინავე პოზიციებზეა და ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიური 2020 წლის შემდეგ, სომხეთთან ექსპორტ-იმპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც ამ პერიოდიდან ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით იყო განპირობებული. თუმცა, 2024 წელს ვითარება შეიცვალა, და მეორე წელია, რაც სავაჭრო ბრუნვა მცირდება.

2025 წელს სომხეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ექსპორტმა 786 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 3% იყო. სომხეთთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. გასულ წელს მეზობელი ქვეყანა მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი იყო მთლიან ექსპორტში 7.6%-იანი წილით. ექსპორტმა 552.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 10.5%-იანი კლებაა. საგულისხმოა, რომ ექსპორტის შემცირება ავტომობილების რეექსპორტის კლებას უკავშირდება. რაც შეეხება იმპორტს, მცირედით, 1%-ით იკლო და 233.1 მლნ დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 1.3%).

2025 წელს სომხეთში ექსპორტირებული TOP-5 პროდუქტი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $54.6 მლნ;
  2. ეთილის სპირტი - $42.4 მლნ;
  3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $30.3 მლნ;
  4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - $18.1 მლნ;
  5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $16.2 მლნ.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $74.7 მლნ;
  2. მინის ბოცები და ბოთლები - $27.5 მლნ;
  3. სიგარები და სიგარილები - $23 მლნ;
  4. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები -$22 მლნ;
  5. მსუბუქი ავტომობილები -$10.9 მლნ.

FDI

სომხური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება საქართველოში 2003 წლიდან დაიწყო. 2003-2024 წლებში, ჯამში, სომხეთიდან საქართველოში ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 183.5 მლნ დოლარი შეადგინა. FDI-ის რეკორდული მოცულობა კი 2024 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ჩადებული სომხური ინვესტიციის მოცულობა წლიურად 24.1%-ით გაიზარდა და 23.6 მლნ დოლარი შეადგინა.

2025 წლის 9 თვეში კი სომხეთიდან 16.1 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც ნაკლები იყო 2024 წლის ანალოგიური პერიოდის 18.4 მლნ დოლარზე.

ტურიზმი

ტურიზმის სტატისტიკაში სომხეთი მოწინავე პოზიციაზეა. 2025 წელს სომხეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მცირედით შემცირდა და 948 242 იყო. სომხეთმა რუსეთისა და თურქეთის შემდეგ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი კვლავ არ დაბრუნებია 2019 წლის რეკორდს, როდესაც ვიზიტები 1.3 მილიონს აჭარბებდა.

სომხეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

ფულადი გზავნილები

სომხეთიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვები რეკორდულ ნიშნულზე 2022 წელს იყო, როცა საქართველოში 54.2 მლნ დოლარის გზავნილი შემოვიდა, მას შემდეგ მოცულობა შემცირდა. 2025 წელს სომხეთიდან 20 200 გზავნილით 12.8 მლნ დოლარი გადმორიცხეს, რაც 2024 წელთან შედარებით მცირედ შემცირებული თანხაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები