მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ინდუსტრიას სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტიც უქმნის პრობლემას - რას ითხოვს მწარმოებელთა ასოციაცია

მარიანა მორგოშია

საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების დასაცავად მექანიზმების გაფართოებაა საჭირო.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ BMG-ის განუცხადა, ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის გამოწვევა მხოლოდ დემპინგური ფასებით იმპორტი არაა და პრობლემას სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტიც წარმოადგენს.

მარიანა მორგოშიას განცხადებით, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით საქართველომ ისეთი დამცავი ინსტრუმენტები შემოიღოს, როგორიც ევროკავშირში უკვე წლებია მოქმედებს.

„წელს საქართველოში რუსეთიდან და ირანიდან განსაკუთრებით დიდი მოცულობით დემპინგური ფასებით არმატურის იმპორტი ხდება, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის. შესაბამისად, ჩვენ კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარების თხოვნით განაცხადი შევიტანეთ. ეს კანონმდებლობა ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომ დემპინგურ იმპორტზე რეაგირება მოვახდინოთ.

ზოგადად, ევროპული კანონმდებლობა ანტიდემპინგურ ღონისძიებებთან ერთად იცნობს სხვა დამცავ მექანიზმებსაც, როგორიცაა მაგალითად, ანტისუბსიდიის მექანიზმები. კომპლექსურად ეს სხვადასხვა მექანიზმები უფრო ზუსტი რეაგირების საშუალებას აძლევს ქვეყნებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი მექანიზმების დანერგვა მოხდება საქართველოშიც. ადგილობრივ მწარმოებლებს არამხოლოდ დემპინგური იმპორტის პრობლემა აქვთ, როდესაც საქართველოს ბაზარზე პროდუქცია იმაზე ნაკლებ ფასად შემოაქვთ, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე ყიდის მწარმოებელი, არამედ ხდება პროდუქციის სუბსიდირება წარმოების სხვადასხვა ეტაპზე. შესაბამისად, ფასის კონკურენტუნარიანობა მას მეტი აქვს და როდესაც ასეთი პროდუქციის იმპორტირება ხდება, შესაძლოა, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდეს ჩვენი მწარმოებელი. ასეთი ტიპის იმპორტზე კი სხვადასხვა დაცვის ინსტრუმენტებით შეიძლება რეაგირება“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები