საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა.
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ თითქმის 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამისი პერიოდზე.
ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 48.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 1.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
კერძოდ, თუ 2022 წლის 7 თვეში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარი იყო, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 1.7 მილიარდ დოლარია. ამასთან, 2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის წილი 71.6% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 48.2%-ს შეადგენს.
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (323.6 მლნ დოლარი), თურქეთი (236.7 მლნ დოლარი) და ჩინეთი (217.5 მლნ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ დოლარით [39%-ით ნაკლები 2022 წლის შესაბამის პერიოდზე), მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ დოლარით [24.2%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდზე], ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ დოლარით [68%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდზე].