2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტის ზრდის სტრუქტურა შეიცვალა: ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მთლიანი ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის გაფართოებას დაეყრდნო. წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტი თითქმის არ იზრდებოდა, რის გამოც მისი წილი მკვეთრად შემცირდა და ქვეყნის საექსპორტო წარმატება სუსტად ეფუძნებოდა ადგილობრივ წარმოებას. 2026 წელი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში წამყვანი როლი ნავთობპროდუქტებს უკავშირდება, მათი ექსპორტი 47.2-ჯერ გაიზარდა. ამავე დროს ეს საქართველოში იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებას ეფუძნება და არა ადგილობრივად მოპოვებულ ნავთობს. ასევე გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნებისა და ფეროშენადნობების ექსპორტიც. ადგილობრივი ექსპორტის ზრდას ფასების მატებამაც შეუწყო ხელი.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რა იცვლება ექსპორტის სტრუქტურაში და რის ხარჯზე იზრდება ადგილობრივი ექსპორტი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტმა 6 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.6%-ით მეტია.
განსაკუთრებით თვალშისაცემია ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა, ანუ რეექსპორტის გარეშე გატანილი საქონლის მაჩვენებელი. ის წინა წელთან შედარებით 60.3%-ით გაიზარდა და 3 756.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი ექსპორტის 61%-ია.
2021-2025 წლების იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი მცირედით, 2.2 მლრდ-დან 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე, გაიზარდა, ანუ ოთხ წელიწადში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამ პერიოდში მისი წილი მთლიან ექსპორტში 73.7%-დან 45.5%-მდე შემცირდა. ექსპორტის ზრდა თითქმის სრულად რეექსპორტზე მოდიოდა: ის 0.8 მლრდ-დან 2.8 მლრდ აშშ დოლარამდე, დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა. 2026 წელს ადგილობრივი ექსპორტის წილი მკვეთრად გაიზარდა, რეექსპორტის მაჩვენებელი კი შემცირდა.
ცხრილი 1: მთლიანი ექსპორტი, რეექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2021-2026 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი, საგარეო ვაჭრობის პორტალი
ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს საქართველოში წარმოებული ან გადამუშავებული საქონლის საზღვარგარეთ გაყიდვას. რეექსპორტის შემთხვევაში კი უცხოეთში წარმოებული საქონელი საქართველოში შემოდის და შემდეგ, გადამუშავების გარეშე, სხვა ქვეყანაში იყიდება. მაგალითად, საქართველოში წარმოებული ღვინის ევროპაში გაყიდვა ადგილობრივი ექსპორტია, ხოლო ევროპული ავტომობილის საქართველოში შემოტანა და შემდეგ სომხეთში გაყიდვა კი რეექსპორტი.
ამრიგად, ადგილობრივი ექსპორტი ქართული პროდუქციის უცხოეთში გაყიდვას ასახავს, რეექსპორტი კი უცხოური საქონლის გადაყიდვას. შესაბამისად, რეექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების ზრდას არ ნიშნავს და ამ ოპერაციიდან მიღებული თანხის მხოლოდ ნაწილი რჩება საქართველოს ეკონომიკაში.
2022-2025 წლებში რეექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდებოდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი რეექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზიც ავტომობილების რეექსპორტის კლება გახდა.
წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში რეექსპორტი 14.5%-ით, 2 396.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. კლება თანხობრივად დაახლოებით 405.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 26.6%-ით, 1 471.6 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა, რაც დაახლოებით 532.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების რეექსპორტის კლება მთლიანი რეექსპორტის კლებაზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ სხვა სასაქონლო ჯგუფებში დაფიქსირებულმა ზრდამ საერთო შემცირება ნაწილობრივ დააბალანსა.
რას უკავშირდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა?
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ასევე ფეროშენადნობების ექსპორტმა შეიტანა.
ყველაზე მსხვილი საექსპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის ექსპორტის ღირებულება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2-ჯერ გაიზარდა და 762.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ჯგუფის წილი ადგილობრივ ექსპორტში 0.7%-დან 20.3%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტშიც, 68%-ით, 464 მლნ აშშ დოლარამდე. ასევე, 56.3%-ით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი და 239 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ამასთან, ზრდა ყველა ძირითად საექსპორტო ჯგუფს არ შეხებია. ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 2.1%-ით შემცირდა, სპირტიანი სასმელების კი 14.9%-ით.
ცხრილი 2: უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში, იანვარ-სექტემბერი

წყარო: საქსტატი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - ექსპორტის მკვეთრი ზრდა უკავშირდება კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას. ის უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს შორის მოხვდა. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს საქართველოში მოპოვებული ნავთობის ექსპორტთან. ქარხანა იმპორტირებულ ნედლეულს საქართველოში გადაამუშავებს და მიღებული ნავთობპროდუქტები ექსპორტზე გააქვს. შესაბამისად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ამ შემთხვევაში ქვეყანაში გადამუშავების პროცესის დაწყებასა და წარმოებული ნავთობპროდუქტების უცხოურ ბაზრებზე გაყიდვას უკავშირდება.
ამასთან, ექსპორტის ზრდა ფასის ცვლილებასაც უკავშირდება: ერთ ტონაზე საშუალო საექსპორტო ღირებულებაც 26.3%-ით გაიზარდა და 591 დოლარიდან 747 დოლარს მიაღწია.
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - ამ ჯგუფში მოცულობისა და ერთ ტონაზე ღირებულების ზრდამ დაახლოებით თანაბარი როლი ითამაშა. კერძოდ, ექსპორტის ღირებულება 68%-ით, ექსპორტის მოცულობა კი 28.2%-ით გაიზარდა, ერთ ტონაზე საშუალო საექსპორტო ღირებულება კი 31.1%-ით.
ფეროშენადნობები - ამ შემთხვევაშიც ზრდის მთავარი განმაპირობებელი ექსპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობის მატებაა, რომელიც 42.8%-ს შეადგენს. ამასთან, ერთ ტონაზე საშუალო საექსპორტო ღირებულებაც 9.5%-ით გაიზარდა.
ცხრილი 3: ძირითადი პროდუქტები, რაც ადგილობრივი ექსპორტს ზრდას განსაზღვრავს, 9 თვის მონაცემები

წყარო: საქსტატი, საგარეო ვაჭრობის პორტალი
უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილეს ათ ექსპორტიორს შორისაა როგორც ადგილობრივ, ისე მთლიან ექსპორტში.
ადგილობრივი და მთლიანი ექსპორტის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულები დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს. ორივე რეიტინგში რვა კომპანიაა წარმოდგენილი: „აიდიეს ბორჯომი საქართველო’’, „არ ემ ჯი კოპერი’’, „რუსთავის აზოტი’’, „არ ემ ჯი გოლდი’’, „აჭარა ტექსტილე’’, „ბლექ სი პეტროლიუმი’’, „ესაითისი სოლუშენს’’ და „კავკასიან მეტალს ტერმინალი’’.
რეიტინგებს შორის განსხვავება მხოლოდ ორ კომპანიას ეხება. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში „არ ემ ჯი აურამაინი’’ და „უნიონ ექსპორტი 2024’’ შედიან, ხოლო მთლიანი ექსპორტის ათეულში მათ ადგილს „ტოიოტა კავკასია’’ და „ჯეი თი აი კავკასუსი’’ იკავებენ, რომლებიც ძირითადად რეექსპორტზე მუშაობენ.
ცხრილი 4: უმსხვილესი (TOP 10) ექსპორტიორი კომპანიები 2026 წლის იანვარ-სექტემბერში

წყარო: საქსტატი (გამოთხოვილი ინფორმაცია); შენიშვნა:ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
ჩინეთი - ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი
ადგილობრივ ექსპორტის უმსხვილეს ქვეყნებს შორის ჩინეთი პირველ ადგილზე დაწინაურდა. ამასთან, უმსხვილეს ბაზრებს შორის კვლავ რუსეთი და თურქეთიც რჩებიან.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 566.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 187.5%-ით მეტია. შედეგად, ჩინეთის წილი ადგილობრივ ექსპორტში 8.4%-დან 15.1%-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი ძირითადად ნედლეულისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზეა კონცენტრირებული. ყველაზე დიდი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 347.7 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია - 103.3 მლნ დოლარით, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტმა 84.4 მლნ დოლარი შეადგინა. ამ სამ სასაქონლო ჯგუფზე ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტის 94.4% მოდის.
რუსეთში ადგილობრივი ექსპორტი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 523.2 მლნ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 2.7%-იანი ზრდაა. მიუხედავად ექსპორტის ღირებულების მატებისა, რუსეთის წილი ადგილობრივ ექსპორტში 21.7%-დან 13.9%-მდე შემცირდა. ჩინეთთან შედარებით, რუსეთის საექსპორტო კალათა უფრო დივერსიფიცირებულია.
რუსეთის ბაზარზე საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი ძირითადად ღვინის, სპირტიანი სასმელების, ხილისა და სასმელი წყლების მიწოდებაზეა კონცენტრირებული. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი ყურძნის ნატურალური ღვინოებია, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 119.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელები -91.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ახალი ხილის ექსპორტმა 61.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია ასევე მინერალური და მტკნარი წყლები - 59.8 მლნ დოლარი.
თურქეთში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 323.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 53%-ით მეტია. მიუხედავად ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისა, თურქეთის წილი ადგილობრივ ექსპორტში 9.0%-დან 8.6%-მდე შემცირდა. თურქეთის ბაზარზე საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის წამყვან პოზიციებს ნავთობპროდუქტები, ტექსტილის ნაწარმი და მეტალურგიული პროდუქცია იკავებს. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - 67.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფეროშენადნობების ექსპორტმა 44 მლნ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია ასევე სპილენძისა და ალუმინის ნარჩენები და ჯართი, 24.9 მლნ და 19.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
რუსეთისა და თურქეთის წილის კლება ადგილობრივ ექსპორტში იმით აიხსნება, რომ ამ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.
ცხრილი 5: უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში, იანვარ-სექტემბერი
წყარო: საქსტატი
ამრიგად, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა თავისთავად არ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების დივერსიფიკაციას ან მაღალტექნოლოგიური და დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების გაფართოებას.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა უმეტესწილად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ასევე ფეროშენადნობების ექსპორტის მატებას უკავშირდება. სამივე ძირითადი სასაქონლო ჯგუფის ანალიზი აჩვენებს, რომ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ექსპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობის მატებაა, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთ ტონაზე საშუალო საექსპორტო ღირებულების ზრდამაც.
ამასთან, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდა ძირითადად იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივ გადამუშავებასა და მიღებული პროდუქციის ექსპორტით არის განპირობებული. მადნებისა და კონცენტრატების მაღალი წილი კი აჩვენებს, რომ ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ნედლეულისა და პირველადი გადამუშავების პროდუქციის რეალიზაციაზეა დამოკიდებული.
























