საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საქონლის უმსხვილეს ათ ექსპორტიორს შორის არიან „ბლექ სი პეტროლიუმი”, „აიდიეს ბორჯომი საქართველო”, „არ ემ ჯი კოპერი” და „რუსთავის აზოტი”. ადგილობრივი და მთლიანი ექსპორტის უმსხვილესი ათეულები დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა მათ შორის განსხვავებაც იკვეთება.
ადგილობრივი ექსპორტი საქართველოში წარმოებული ან გადამუშავებული საქონლის საზღვარგარეთ გატანას გულისხმობს, მთლიანი ექსპორტი კი ადგილობრივ ექსპორტთან ერთად რეექსპორტსაც მოიცავს.
ადგილობრივი და მთლიანი ექსპორტის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულში რვა კომპანია მეორდება: „აიდიეს ბორჯომი საქართველო”, „არ ემ ჯი კოპერი”, „რუსთავის აზოტი”, „არ ემ ჯი გოლდი”, „აჭარა ტექსტილე”, „ბლექ სი პეტროლიუმი”, „ესაითისი სოლუშენსი” და „კავკასიან მეტალს ტერმინალი”.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ბლექ სი პეტროლიუმმა”, რაც ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება. ქარხანა იმპორტირებულ ნედლ ნავთობს საქართველოში ამუშავებს, მიღებული ნავთობპროდუქტები კი ექსპორტზე გააქვს.
ათეულებს შორის განსხვავება ორ პოზიციას ეხება. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში „არ ემ ჯი აურამაინი” და „უნიონ ექსპორტი 2024” არიან, მთლიანი ექსპორტის ათეულში კი მათ ადგილს „ტოიოტა კავკასია” და „ჯეი თი აი კავკასუსი” იკავებენ. ეს კომპანიები ძირითადად რეექსპორტზე მუშაობენ.
ცხრილი 1: უმსხვილესი (TOP 10) ექსპორტიორი კომპანიები 2026 წლის იანვარ-სექტემბერში

წყარო: საქსტატი (გამოთხოვილი ინფორმაცია); შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
























