მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის გარეშე ფასების კომისიების დასკვნები უშედეგო იქნება - რატიშვილი

ალექსანდრე რატიშვილი

პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქციის ფასების სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა.

როგორც ალექსანდრე რატიშვილმა BMG-ის პარლამენტის ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შეფასებისას განუცხადა, დოკუმენტში მოყვანილი რეკომენდაციების ნაწილი ბუნდოვანია. მისივე თქმით, კომისიას მთავარი აქცენტი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მექანიზმებზე უნდა გაეკეთებინა, რაც მისი თქმით, საბოლოოდ გრძელვადიანი რეკომენდაციების სეგმენტში მოხვდა.

“გამოქვეყნდა საპარლამენტო კომისიის დასკვნა და შემდეგ ამას მალევე მოჰყვა რითეილერების განცხადება სასურსათო კალათების შექმნასთან დაკავშირებით სასურსათო კალათების შექმნა, რომელშიც მოთავსდება პროდუქტები და გაიყიდება ბევრად უფრო იაფად, ვიდრე აქამდე იყიდებოდა.

ცუდი ადამიანი უნდა იყო ძალიან, რომ თქვა, თუ რამე გაიაფდება, ეს ცუდია და არასწორია. თუ გაიაფდება პროდუქცია, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის სისტემური და სტრატეგიული მიდგომა საკითხისადმი და, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ აგვარებს იმ პრობლემას, რაც დგას ქვეყანაში, რაც წამოიჭრა განსახილველად, რისი ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა და რისი ინიციატივითაც მთავრობასთან ერთად საპარლამენტო კომისია შეიქმნა, ოთხთვიანი მუშაობა გასწია და მივიღეთ ის, რომ რამდენიმე რითეილერი 15 სახეობის პროდუქტზე დააწესებს დაბალ ფასებს. თუ ამისთვის იყო კომისიის შექმნა საჭირო, ცოტა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.

ადამიანებისთვის მაინც შეღავათია ეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემის და საკითხის სისტემური მოგვარება. სისტემური მოგვარების შესახებ კომისიის დასკვნაში არის სამ ნაწილად დაყოფილი რეკომენდაციები: მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი. სულ არაფერს, კარგია რომ რაღაც დასკვნა დაიდო, მაგრამ იმდენად ზოგადია, იმდენად ამორფულია იქ გამოყენებული ფრაზები და რეკომენდაციები, ამ წუთის გადმოსახედიდან ბევრის არაფრის მომტანია, რომ ძალიან რთულია რაიმე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად შედგენილი და გამოქვეყნებული დასკვნა სისტემურ ჭრილში რაღაც შედეგს მოიტანს.

ჯერ საერთოდ განსაზღვრულია რას გულისხმობენ ვადიანობის თვალსაზრისით [რეკომენდაციებს და გადასადგმელ ნაბიჯებს]. გრძელვადიანი შეიძლება იყოს 5-10 წელი და თუ ეს ასეა, მაშინ არაფრის მომცემი არ არის ეს. ამ დროს ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ქვეყანას აწუხებს და რაც მერე საბოლოოდ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე აისახება, მე როგორც მწარმოებელი, პირველ რიგში ვსაუბრობ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადატანილია სწორედ გრძელვადიანი ამოცანების ბლოკში.

მე მივიღე მონაწილეობა პარლამენტის და სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობა და მოლოდინი მქონდა, რომ სწორედ ამაზე გააკეთებდა აქცენტს [აუცილებელია], სასწრაფოდ, ხვალვე დაიწყოს პრინციპული, სიღრმისეული, კაპიტალური რეფორმების დაგეგმვა და გატარება, რათა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება როგორც ინდუსტრიულ, ისე აგროსექტორში, რომ როგორმე ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება შემცირდეს. რა თქმა უნდა, იმპორტის აკრძალვაზე მსგავს აბსურდზე არავინ საუბრობს, ოღონდ შემცირდეს და ბევრად მეტი პროდუქციის წარმოება გახდეს შესაძლებელი ადგილობრივად. თუ ეს გრძელვადიანი ამოცანაა, მაშინ მე ამ კომისიის დასკვნას ვერ გავიზიარებ.

თუ ჩვენ დავრჩებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ძირითად ფაქტორებს, რაც იწვევს ფასების წარმოქმნას. ეს ყველაფერი ფორმირდება იმ ზონებში, სადაც საქართველოს არანაირი კონტროლი არ გააჩნია. ეს ფასი ფორმირდება იქ, შემდეგ ემატება ლოგისტიკური ხარჯები და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა რადიკალურად შეცვლიდა სურათს.

ჩვენ, ადგილობრივი მწარმოებლები, როდესაც ადგილზე ვაწარმოებთ პროდუქციას, იმ პროდუქციის შესაქმნელი ინგრედიენტების 99% ასევე იმპორტირებულია. ანუ ტოტალური, უზარმაზარი პრობლემაა ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფო ვერაფრით ვერ გააკონტროლებს, რადგან ეს ყველაფერი ფორმირდება ჩვენი საზღვრების გარეთ.

მეორე საკითხია კომისიის მიმართვა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი, რომ რაღაც ინსტიტუციური მექანიზმები შეიქმნას. ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა გაიგოს მოსახლეობამ ისე, თითქოს მთავრობა უნდა ჩაერიოს და დააწესოს ფასები - ეს აბსოლუტური აბსურდი იქნებოდა.

ინსტიტუციურ მიდგომაში შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ მთავრობამ გააკეთოს ის, რაც მის ხელშია - გადასახადების საკითხი, საბაჟო ტარიფები, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა, ფინანსებზე წვდომა და ა.შ. აი, სად არის პრობლემების მთელი წყება, რომელსაც სისტემური რეფორმების და კვალიფიციური პროფესიონალების ჩართვის გარეშე ვერაფერი ეშველება. ამ ყველაფრის მოგვარების გარეშე კომისიების ყველანაირი დასკვნები უშედეგო იქნება. სხვაგვარად ეს დარჩება მხოლოდ სიტყვებად ქაღალდზე”, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები