მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივმა ფერმერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს - ირაკლი ერაძე

დრონი

თუ ევროპას და ამერიკას შევედრებით, ძალიან უკან ვართ, მაგრამ ხუთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით წინ ვართ, - ასე შეაფასა SST-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ერაძემ საქართველოში სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით არსებული ვითარება.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, ერაძემ აღნიშნა, ადგილობრივმა ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგები, ნახეს რამხელა სარგებელი მოაქვს მას. „ამას მიბაძვის ეფექტიც აქვს და მათ ნელ-ნელა სხვა ფერმერებიც ბაძავენ. შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმე ბაღების გაშენებას აპირებს, უკვე წინასწარ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რათა ჰქონდეს ინფორმაცია და დაკვირვების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი კულტურა გააშენოს, ქარსაცავი ზოლი როგორ გააკეთოს, სარწყავი სისტემები როგორ მოაწყოს და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ და დასძინა, რომ SST-ის თვალთახედვით, 10 კომპანიიდან 9-ს ჰყავს უცხოელი კონსულტანტი, რომელიც ითხოვს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოს.

„უცხოელ კონსულტანტებს ფაქტობრივად, თითქმის ავტომატურ რეჟიმში მოჰყვება ხოლმე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მოთხოვნა, ვინაიდან მათ კარგად იციან რა შეუძლია ტექნოლოგიებს“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

SST-ის მმართველმა პარტნიორმა სოფლის მეურნეობაში სტარტაპების გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაგალითად, ერთი კომპანია რომელიც „სოფტს“ წერს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იძულებულია საჭირო სენსორები უცხოეთიდან შემოიტანოს.

„საქართველოში ვიცით, რომ მსგავსი სენსორები არ იწარმოება და მას უწევს უცხოეთიდან სენსორების შესყიდვა და თავისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა. აქაც ვისურვებდი, მთავრობას დაეწყო ფიქრი იმაზე, რომ hardware-ის ფიზიკური სენსორების წარმოების ხელშეწყობაც ყოფილიყო. ჩვენ ამ კუთხით, შესაძლოა, ახალს ვერაფერს მოვიგონებთ, მაგრამ შეიძლება საერთაშორისო კომპანიები დაინტერესებულიყვნენ და აქ გაეხსნათ შესაბამისი ფილიალები, რათა "სოფთის" დამწერი სტარტაპისთვის უფრო იაფი, ხელმისაწვდომი და საქართველოს პირობებზე მორგებული hardware-ის შეთავაზების შესაძლებლობა გაჩენილიყო“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტარტაპების მხარდასაჭერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში გადასახადები გაუნულდებათ. განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - ხელოვნური ინტელექტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით, რომლის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება. შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები, რა მიმართულებითაც პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს და ბოლოს, აგროტექნოლოგიები. საუბარია ახალ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები