მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა ChatGPT-ისა და Bard-ის კონკურენტი, xAI წარმოადგინა

64afaf3f9489f
გიორგი არონია
13.07.23 12:02
944

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ანტრეპრენიორმა ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ახალი კომპანია - xAI წარმოადგინა, რომელიც Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT-სა და Google-ის Bard-ის კონკურენტად მოიაზრება. როგორც ახალი კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, xAI “სამყაროს ჭეშმარიტი არსის შესწავლას” ისახავს მიზნად. ამ მეტად ამბიციური მიზნის მისაღწევად, ილონ მასკმა თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ორგანიზაციებიდან, მათ შორის DeepMind-იდან, Microsoft-იდან და OpenAI-დან გადმოიბირა, ხოლო ტექნოლოგიური სიმძლავრის კომპონენტი NVIDIA-ს დახმარებით დააკმაყოფილა, რომლისგანაც კომპანიამ ათასობით გრაფიკული პროცესორი შეიძინა.

ილონ მასკის მიერ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესება უცნაური სულაც არ არის, პირიქით - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ამ ტექნოლოგიას შორის ისტორია მრავალი წლის წინ იწყება, როცა ილონ მასკი OpenAI-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი გახდა, ჯერ კიდევ 2015 წელს. თუმცა, სამი წლის შემდეგ, ილონ მასკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ილონ მასკი OpenAI-ის აქციონერებიდან გავიდა.

პარალელურად ამისა, ბოლო თვეებში, ChatGPT-ის საჯარო გაშვების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი სარფიან ბიზნესად იქცა, რის გამოც ინვესტორებმა ამ ინდუსტრიაში არაერთი მილიარდი დააბანდეს. კონკრეტულად როგორ აპირებს ფულის შოვნას xAI, ჯერჯერობით, ნათელი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კომპანია ილონ მასკის ყველაფრის აპლიკაციის, ე.წ. “სუპერ აპის” ერთ-ერთი დასაყრდენი იქნება, ცხადია, Twitter-თან ერთად, რომელიც ანტრეპრენიორმა $44 მილიარდად შეიძინა.

თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებმა და ცნობილმა ანტრეპრენიორებმა, რომელთა შორის ილონ მასკიც იყო, ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ GPT-4-ზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნაზე დროებით მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ეს კაცობრიობას დიდი რისკის წინაშე შეუქმნიდა. შეიცვალა თუ არა პოზიცია ილონ მასკმა, ჯერჯერობით, ნათლად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ xAI-ის გუნდში AI-ის უსაფრთხოების ცენტრის დირექტორს, დენ ჰენდრიქსს ვხვდებით, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები