ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-მ, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა OpenAI-ის ChatGPT-ისა და Google-ის Gemini-ისთვის კონკურენციის გასაწევად შექმნა, $6 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. ამ საინვესტიციო რაუნდის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც Andreessen Horowitz-ისა და Sequoia Capital-ის მსგავსმა ვენჩურულმა ფონდებმა, ასევე საუდის არაბეთის პრინცმა, ალვალიდ ბინ-თალალმა, რომელსაც ილონ მასკის სხვა პროექტებშიც განუხორციელებია ინვესტიცია, კომპანია $18 მილიარდად შეფასდა.
ამ დროისთვის, xAI-ის მთავარი პროდუქტი დიდი ენობრივი მოდელია, სახელწოდებით GrokAI, რომელიც X-ის (იგივე Twitter-ის) მონაცემთა ბაზას ეფუძნება, ანუ მიმდინარე სიახლეების გადამუშავების საკითხში Grok-ის სისტემა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ChatGPT. ამასთან, GrokAI-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ხასიათია, რადგან ხელოვნური ინტელექტის კოდში მნიშვნელოვანი როლი იუმორს უკავია.
ილონ მასკის მიერ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესება უცნაური სულაც არ არის, პირიქით - მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანისა და AI-ის ურთიერთობა მრავალი წლის წინ დაიწყო, რამაც ილონ მასკი OpenAI-მდე მიიყვანა. საქმე ისაა, რომ ილონ მასკი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო, მაგრამ დაფუძნებიდან სამი წლის შემდეგ ილონ მასკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო მილიარდერმა კომპანია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $191 მილიარდად აფასებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, მილიარდერის ქონება $38.1 მილიარდით არის შემცირებული.