მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის xAI თვეში $1 მილიარდის ნაღდ ფულს ხარჯავს

xAI

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI სწრაფ ზრდას განაგრძობს, მაგრამ ეს ძალიან ძვირი უჯდება. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, xAI თვეში $1 მილიარდის ნაღდ ფულს ხარჯავს, მაგრამ შემოსავალს კომპანია ჯერ არ იღებს.

აღნიშნული დეფიციტის ამოსავსებად, ილონ მასკი მორიგი საინვესტიციო რაუნდის გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებში $9.3 მილიარდს მოიზიდავს და ამ თანხას, თითქმის სრულად, მიმდინარე წლის ოპერაციების დასაფინანსებლად გამოიყენებს. Bloomberg-ის ეს ინფორმაცია xAI-მ არ დაადასტურა, ხოლო მასკმა ამ ინფორმაციას ნონსენსი უწოდა.

ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დიდი დანახარჯები მოულოდნელი არ არის, მეტიც — ეს ინდუსტრიის სტანდარტია. საქმე ისაა, რომ AI-ის განვითარებას დიდძალი ენერგეტიკული და გამოთვლითი რესურსი სჭირდება, რაც დღეს ძვირიანი სიამოვნებაა. xAI-ის მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ხელოვნური ინტელექტი შექმნას, ამიტომაც ის AI-პროცესორებს ამერიკული NVIDIA-სგან ყიდულობს, რაც მილიარდობით დოლარი უჯდება. Carlyle Group-ის შეფასებით, 2030 წლისთვის AI-ის განვითარებისთვის კომპანიები $1.8 ტრილიონს დახარჯავენ და ამ მხრივ დიდი კონტრიბუტორი xAI-იც იქნება.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიების უდიდესი ნაწილი ფინანსურ ანგარიშგებას საჯაროდ არ ავრცელებს, მაგრამ მედიაში გარკვეული მონაცემები მაინც ვრცელდება. ამ მხრივ, ყველაზე კარგად საქმე OpenAI-ის და Anrthopic-ს აქვთ, რომელთაც დიდი ენობრივი მოდელები ბაზარზე შედარებით ადრე გამოიტანეს და შემოსავლის მიღების წყაროები დაალაგეს, ილონ მასკის xAI-ისგან განსხვავებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI წელს $12.7 მილიარდის შემოსავალს ელოდება, როცა xAI-ის საპროგნოზო შემოსავალი წელს $500 მილიონია, მომავალ წელს კი მხოლოდ $2 მილიარდი.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ილონ მასკზე, რომელიც კონკრეტული მიზნის მისაღწვად მილიონების დახარჯვას არასდროს ერიდებოდა, მათ შორის არც სხვა კომპანიების ჭრილში. Model 3-ზე მუშაობისას Tesla თითო კვარტალში $1 მილიარდს ხარჯავდა, რაც იმდროინდელი სტანდარტებით ძალიან დიდი ფული იყო. ასეთივე მასშტაბის დანახარჯები ჰქონდა ილონ მასკს SpaceX-ში, რომელიც, საერთოდაც, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა წაგებაზე. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ასეთივე მიდგომა xAI-ისთან მიმართებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები