მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრე თუ გვიან, საქართველოც მზის ენერგიას ელექტროენერგიის მიღების ძირითად წყაროდ გამოიყენებს - AIONRISE

627e9cbe0974a
ალა ისპირიანი
13.05.22 22:40
2312
მზის პანელების მწარმოებელ კომპანია AIONRISE-ში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, ამბობენ, რომ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია და ადრე თუ გვიან, ქვეყნები, მათ შორის საქართველოც მზის ენერგიას ელექტროენერგიის მიღების ძირითად წყაროდ გამოიყენებს.

Bm.ge-თან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა კურტანიძემ განაცხადა, რომ წარმოება ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და ყველაზე მოთხოვნადი აშშ-ის ბაზარია.

„ჩვენი ქარხანა მხოლოდ მზის პანელებს/ფოტოელექტრულ მოდულებს (Solar Panels / Photovoltaic Modules) აწარმოებს , რომელიც ფოტოელექტრული სადგურის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ქარხანას დღეის მდგომარეობით 500 მეგავატის ოდენობის მზის პანელების/ფოტოელექტრული მოდულების წარმოება შეუძლია.

AIONRISE-ის მიერ წარმოებული მზის პანელები წარმოდგენილია მასშტაბურად ამერიკის ბაზარზე. ის ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ნორვეგიის, შვედეთის, სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეა ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წარმოება ექსპორტზეა ორიენტირებული, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მომხმარებლებთან, გადამყიდველებთან და ფოტოელექტრული სადგურების დამყენებელ კომპანიებთან.

მსოფლიო ბაზარზე მზის ენერგიის გამოყენებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, მზის პანელების წარმოებას და რეალიზაციასაც დიდი პოტენციალი აქვს. ახლო მომავალში ფოტოელექტრული სადგურები (იგივეა, რაც მზის პანელების ელექტროსადგური) იქნება ერთ-ერთი ძირითადი წყარო ელექტროენერგიის მიღების, შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით ამ ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობა მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მიმდინარეობს. არსებულ დადასტურებულ ტენდენციებზე დაყრდნობით, ადრე თუ გვიან, საქართველო როგორც ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა დედამიწაზე, გამოიყენებს მზის ენერგიას, როგორც ელექტროენერგიის მიღების ძირითად წყაროს“, – აღნიშნა ლელა კურტანიძემ.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კომპანიაში ამბობენ, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ: ვმუშაობთ ქარხნის საწარმოო ხაზის მანქანა-დანადგარების განახლებასა და საწარმოო ხაზის გაზრდაზე. "ასევე ვმუშაობთ ფოტოელექტრული უჯრედების საწარმოო ქარხნის დაარსებაზე“, - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის, ფოტოელექტრული უჯრედი არის სილიკონის უჯრედი, რომელიც მზის პანელის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ამასთან ის არის ელექტრო მოწყობილობა, რომელიც სინათლის ენერგიას უშუალოდ ელექტროენერგიად ფოტოელექტრული ეფექტით გარდაქმნის.

ქუთაისში ქარხანა AIONRISE-ის სახელით, საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები