რამდენიმე კვირის წინ, საკაბელო პროდუქციის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ, “საქკაბელმა", საქართველოში წარმოებული კაბელები ექსპორტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ბულგარეთში გაიტანა. კიდევ რომელი ქვეყნის ბაზრების ათვისებას აპირებს “საქკაბელი” და რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები - ამ საკითხზე BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” კომპანიის მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე საუბრობს.
“შარშანდელი წელი მთლიანად დავუთმეთ ტექნიკურ გადაიარაღებას, ქარხანაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”პროგრამის ფარგლებში, მოვახდინეთ ახალი დანადგარების ინსტალაცია, საწარმო სიჩქარეების გაზრდა, რაც გახდა ტექნიკური საფუძველი იმისა, რომ გვემუშავა ექსპორტის მიმართულებით.
2023 წლის პირველი 6 თვე მთლიანად სერტიფიცირების ნაწილს დავუთმეთ. აქამდე თუ თურქული ან უკრაინული სერტიფიკატები გვქონდა, ახლა ევროპული ხარისხი დავნერგეთ. განვახორციელეთ ექსპორტი, რომლის ფარგლებშიც პირველი პარტიები უკვე წარმატებით გაიგზავნა. ევროპის პირველი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც ქართული წარმომავლობის პარტნიორ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. აქტი, რომ ასეთი ტიპის პროდუქტი ევროპაში მოხვდა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს დავით კაპანაძე.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა ბაზრის ათვისებასაც კომპანია სამომავლოდ გეგმავს, “საქკაბელის” მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი გალფისა და აფრიკის ქვეყნებია, თუმცა ევროპული სერტიფიცირება მრავალ საერთაშორისო პროექტში ჩართვის საშუალებას აძლევთ.
“გეოგრაფიული თვალსაზრისით, გალფის ქვეყნებია საინტერესო, აფრიკის ქვეყნებიც, ევროპაც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ევროპულ ბაზარზე შესასვლელად ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ.
საექსპორტო ბაზრების განვითარებას ვაპირებთ, თუმცა ძალიან ბევრი საერთაშორისო ტიპის კომპანია შემოდის საქართველოში, რომლებიც აშენებენ სასტუმროებს, საცხოვრებლებს... ახალი ინვესტორებისთვის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადგილობრივი წარმოების ხარისხი და, მაგალითად, თურქული სერტიფიცირების ნდობა, მაგრამ როდესაც ევროპულ სერტიფიკატზე, ევროპულ ხარისხსა და სტანდარტზეა საუბარი, უკვე ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტში მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პროდუქციით”, - ამბობს დავით კაპანაძე.
“საქკაბელი” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს და, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რამდენიმე თვეში მზის პანელების კაბელების მასშტაბურ წარმოებასაც დაიწყებს.
“რაც შეეხება პროდუქციას, დღეს რაც მოთხოვნადი სპექტრია, 90%-ს ვაწარმოებთ. არის გარკვეული მაღალი ძაბვის კაბელები, რომლებზეც მოთხოვნა დიდად არ არის და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით იმპორტს ვახორციელებთ, როდესაც დაკვეთა არის.
მგონია, რომ მომავალი მზის პანელების კაბელების წარმოებაშია. ჩვენ წლის დასაწყისში უკვე ვაწარმოეთ ეს პროდუქტი, რომელიც სპეციფიკური ტიპის კაბელია, რადგან წლების განმავლობაში ღია მზის გულზე დევს.
ტესტირებას 6 თვე სჭირდება და ერთი სერტიფიცირება უკვე გავლილი გვაქვს, ბევრ ქვეყანაში უკვე შეგვიძლია ამ პროდუქციის გაგზავნაც. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ნედლეულის მოძიებაზე, სად უფრო ხარისხიანს ვნახავთ კარგ ფასად. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა სხვადასხვა დამკვეთებისგან მზის პანელების კაბელებზე და, ალბათ, ძალიან მალე მივცემთ მასშტაბურ ხასიათს მათ წარმოებას”, - აცხადებს დავით კაპანაძე.