მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს მსოფლიოში - პავლე მგელაძე

პავლე მგელაძე

“ბევრმა არ იცის, რომ ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს მსოფლიოში”, - ამის შესახებ ვენჩურული სტუდია re:invent-ის დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ BMG Talks-ში განაცხადა. მისი თქმით, სტარტაპებში ინვესტირება “რიცხვების თამაშია”, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმ სტარტაპების ხარისხიც, რომლებსაც ჰოლდინგური კომპანია პორტფელში შეიყვანს.

“ბევრმა არ იცის, რომ ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს მსოფლიოში. ამჟამად, ჩვენს პორტფელში 42 კომპანიაა, მაგრამ, როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 500-სტარტაპიანი პორტფელი შექმნას, თანაც ხვალვე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ თუ რა სტარტაპები გყავს პორტფელში. შეიძლება ერთი სტარტაპი გყავდეს, მაგრამ ისეთი, რომ ყველაფერი გადახურო.

ჩვენი აზრით, სტარტაპებში ინვესტირება - რიცხვების თამაშია, ანუ რაც უფრო მეტი სტარტაპი გყავს ადრეულ ეტაპზე, მით უფრო ნაკლები რისკია, წარმატებას რომ ვერ მიაღწიო”, - განაცხადა პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.

როგორც re:invent-ის დამფუძნებელი ამბობს, პორტფელი, მისმა გუნდმა, დიდი შერჩევის შედეგად შეადგინა, რომელშიც 1000-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. BMG Talks-ში საუბრისას, პავლე მგელაძემ მისთვის საინტერესო რამდენიმე სტარტაპიც დაასახელა, რომლებიც ინდუსტრიულ 3D-პრინტერებს, სამედიცინო პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტომოპასუხეს ქმნიან.

“პორტფელში ერთი კომპანია გვყავს, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული 3D-პრინტერების წარმოება დაიწყო. ამერიკაში პარტნიორები ვიპოვეთ, რომლებიც ამ ტექნოლოგიის გატანით დაინტერესდნენ - სამი პრინტერი გავყიდეთ, არადა ჯერ პროტოტიპიც არ დაგვისრულებია. ინვესტორებს ძალიან მოსწონთ, როცა პროდუქტი არ დაგისრულებია, მაგრამ უკვე გაყიდე და ფული მიიღე.

თავად 3D-პრინტერების წარმოება, დიდი პრობლემა არ არის, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი - პროგრამული უზრუნველყოფაა. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა გვაქვს, რომელიც ბევრად უფრო მარტივი და სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონკურენტი. სულ მალე, ამ ტექნოლოგიას ამერიკაში გავიტანთ და იქ ოფისსაც გავხსნით.

კიდევ ერთი სტარტაპი, რომელიც ჩვენს პორტფელში მოხვდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯანდაცვის პროგნოზირებად მოდელებს ქმნის, რომელთაც დაავადებების გამოვლენა შეუძლიათ. ამ სტარტაპს შეუძლია დიდ მონაცემებს დაეყრდნოს და მარტივი ანათვლების გამოყენებით პაციენტებს ადრეულ ეტაპზე უთხრას, რომ ისინი კონკრეტული დაავადებების რისკის ქვეშ არიან. ამ მიმართულებით ბევრ ამერიკელ პარტნიორს ველაპარაკებით, მათ შორის ინტერესი არის ემორის უნივერსიტეტიდან. ამ ეტაპზე, ყველა საცდელი ეტაპის შედეგებს ელოდება. თან, ამ სტარტაპის დამფუძნებლები გოგოები არიან, თანაც დები.

ხმოვანი ასისტენტიც გვყავს, რომლითაც ქოლ-ცენტრების თანამშრომელი, ანუ სატელეფონო ავტომოპასუხე შევქმნათ და ამით ადამიანების დრო და ენერგია დავზოგოთ. თუ შესაძლებელია, ინფორმაცია ხელოვნურმა ინტელექტმა მოგაწოდოს, სადღაც რომ დარეკავ, ადამიანმა არ უნდა გიპასუხოს. ეს ტექნოლოგია 400-მდე ენაზე მუშაობს, რადგან საბაზისო მოდელის აწყობის შემდეგ, ენის ცვლილება დიდი პრობლემა არ არის.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც ვმუშაობთ - ლოგისტიკაა. საქართველოში არსებულ ერთ-ერთ პორტს სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას ვუკეთებთ. ეს ამერიკელების მიერ ინვესტირებული კომპანიაა და გვინდა, რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ვაკეთოთ, რათა ის პრობლემები ავირიდოთ, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით”, - აღნიშნა პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები