ტრადიციული ვენჩურული ფონდის ბიზნესმოდელი შემდეგნაირად მუშაობს: ფონდს ჰყავს დამფუძნებლები და ინვესტორები, რომლებიც საკუთარ ან სხვა ინვესტორების ფულს სტარტაპებში აბანდებენ, ხოლო შემდეგ, სტარტაპის განვითარების პარალელურად, ფინანსურ ამონაგებს იღებენ. ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დააფუძნა - re:invent-ია, რომლის პორტფელში, ამჟამად, 42 სტარტაპი შედის. თუმცა ტრადიციული ვენჩურული ფონდებისგან განსხვავებით, re:invent-ი ვენჩურულ სტუდიად პოზიციონირებს, ანუ მისი ბიზნესმოდელი მცირედით განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ პავლე მგელაძის კომპანია სტარტაპებს, უმეტესწილად, არა ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, არამედ პროგრამისტთა ჯგუფს, რადგან განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი თითქმის ყველა სტარტაპის მთავარი პრობლემას - კვალიფიციური დეველოპერების აყვანა წარმოადგენს.
“re:invent-ის დამფუძნებლები რომ დავსხედით და დავფიქრდით, თუ რა სჭირდება სტარტაპს ყველაზე მეტად, მივხვდით, რომ მამოძრავებელი ძრავა - პროგრამული უზრუნველყოფაა. თუ მე და შენ ტექნოლოგიური კომპანიის შექმნა გვსურს და პროგრამისტების უსასრულო რესურსი გვყავს, რაღაცას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაჯდება. სტარტაპების უმეტესობა ინვესტორისგან ფულს ითხოვს, რომელიც პროგრამისტებისთვის სჭირდება.
პირველი, რაც გავაკეთეთ - პროგრამისტების გუნდი იყო, რომლის სერვისებს სტარტაპებს ფულის ნაცვლად ვთავაზობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტები ეფექტიანად წარიმართება. ეს გაცვეთილი ტერმინია, რომელიც ნიშნავს, რომ თუ სტარტაპი პროგრამისტს აიყვანს, გაუშვებს, სხვას აიყვანს, გაუშვებს და ახალს აიყვანს, რომელსაც სხვა კომპანია მოიტაცებს - დროს, ენერგიასა და ფულს აღარ დახარჯავს. გვირჩევნია, ამ ადამიანებს ჩვენი პროგრამისტები მივამაგროთ, რომელთა ხარისხში დარწმუნებულები ვართ. ამ მიმართულებით ძალიან დიდ თანხას ვზოგავთ და ნაცვლად იმისა, რომ სტარტაპს თანხა მივცეთ, რომლის 80%-იც კი, შესაძლოა, არამიზნობრივად დაიხარჯოს, მას პროგრამისტებს ვაძლევთ, რომლებიც ამ სტარტაპებს სხვებზე უკეთესად ემსახურებიან”, - აღნიშნა პავლე მგელაძემ.
BMG Talks-თან საუბრისას პავლე მგელაძემ მისი ვენჩურული სტუდიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომლებშიც, როგორც ჩანს, აშშ-ში გაფართოება, 24-საათიანი სამუშაო ციკლის აწყობა და პორტფელში არსებული კომპანიების რიცხვის 100-მდე გაზრდა ფიგურირებს.
“გვინდა, პროგრამისტების ჯგუფი საქართველოში და აშშ-ში გვყავდეს, რათა 24-საათიანი ციკლი შევქმნათ, ანუ ამერიკულმა ჯგუფმა მაშინ იმუშაოს, როცა საქართველოში სძინავთ და ქართველებმა იმუშაონ, როცა ამერიკაში სძინავთ. თუ დღეს, ეს ციკლი აწყობილი არ გაქვს, ბევრს კარგავ. გუშინ ველაპარაკე ამერიკელებს, რომელთაც ანალოგიური რამ აინტერესებთ. შეიძლება, ერთობლივი მულტინაციონალური კომპანია გავაკეთოთ, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
მეორე ინვესტორის შემოსვლის შემდეგ, სხვათა შორის, ნევადაში მცირე ზომის ოფისი გავხსენით - საგადასახადო კუთხით ნევადა ყველაზე მიმზიდველი შტატია. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ფიზიკურ ოფისს მაიამიშიც გავხსნით, რომელსაც იქაური თანამშრომლებით დავაკომპლექტებთ. გვინდა, 2025 წლიდან ჩვენი პორტფელი 100 სტარტაპამდე გავზარდოთ, ოღონდ ასივე ძალიან კარგად უნდა იყოს გადარჩეული. ამისთვის, მესამე საინვესტიციო რაუნდი გამოვაცხადეთ, რომლითაც $20 მილიონის მოზიდვა გვინდა. ამ თანხით პორტფელის 100 სტარტაპით დაკომპლექტებას შევძლებთ, თანაც ისე, რომ მათი ნაწილი ჩვენს რეგიონსა და ევროპაში იყოს კონცენტრირებული”, - განაცხადა re:invent-ის დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.