ერთ-ერთი პრობლემა, რომელზედაც ქართველი სტარტაპერები ხშირად მიუთითებენ, ადგილობრივ ვენჩურულ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, ვითარება გაუმჯობესდა, რადგან ქვეყანაში რამდენიმე უცხოური ვენჩურული ფონდი შემოვიდა, რასაც მხარი ქართველმა ენჯელ-ინვესტორებმაც აუბეს, რომლებიც ქართულ კომპანიებში სინდიკატების გავლით ინვესტირებენ. ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოში ორი წლის წინ გამოჩნდა - re:invent-ია, რომელსაც პავლე მგელაძე ხელმძღვანელობს. დღეს, re:invent-ის პორტფელი 42 სტარტაპს აერთიანებს, რომლებიც, როგორც პავლე მგელაძე ამბობს, 1000-მდე სტარტაპიდან შეირჩა.
BMG Talks-თან ინტერვიუში re:invent-ის დამფუძნებელმა ის რამდენიმე სექტორი დაასახელა, რომლებშიც კომპანიის სტარტაპები ოპერირებენ. BMG Talks-ში საუბრისას, პავლე მგელაძემ მისთვის საინტერესო რამდენიმე სტარტაპიც დაასახელა, რომლებიც ინდუსტრიულ 3D-პრინტერებს, სამედიცინო პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტომოპასუხეს ქმნიან. მისივე თქმით, re:invent-ის შვილობილი კომპანია re:soft-ი აშშ-ის მთავრობის პარტნიორი გახდა.
“სტარტაპების გარდა, საერთაშორისო კავშირებიც გვაინტერესებს. აშშ-ში ლობისტების ორ ჯგუფს ველაპარაკებით, რომლებიც იქ სტარტაპების გატანაში გვეხმარებიან. თუ აშშ-ში კავშირები არ აქვს, საქმის კეთება ძალიან რთულია. ჩვენი პროგრამისტების გუნდით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, იგივე CDC-ს დავუპარტნიორდით, რომელიც პენტაგონის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი და კომპლექსური ორგანიზაციაა ქვეყანაში. ამ ორგანიზაციას გულ-სისხლძარღვთა სისტემების აწყობაში ვეხმარებით.
ჩვენი კომპანია re:soft-ი, რომელიც ორი წლისაც არ არის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პარტნიორი გახდა. ზღაპრებს კი არ ვყვებით, არსებობს ასეთი ვებგვერდი sam.gov და თუ შეხვალთ და re:software-ს ჩაწერთ, ნახავთ, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების სერვისპროვაიდერია და დეტალებიც იქ არის მითითებული. ეს ბევრწლიანი, მრავალმილიონიანი პროექტია. რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე და ძალიან კმაყოფილები არიან. ვეხვეწებოდი, მითხარით რამე, რაზედაც შემიძლია ვიმუშაო და გავაუმჯობესო-მეთქი, მაგრამ მითხრეს, მოდი, ახლა არაფერი შეცვალო, რადგან ყველაფერი კარგად მიდისო. ამით ის ვაჩვენეთ, რომ მცირე მასშტაბზე, მაგრამ დიდ პროექტებში მონაწილეობა შეგვიძლია”, - განაცხადა პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.