მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ორ წელიწადში, ორი საინვესტიციო რაუნდი დავხურეთ” - რამდენადაა შეფასებული პავლე მგელაძის re:invent-ი?

re:invent

ბიზნესის თავისუფლად კეთების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად, როგორც წესი, ქართველი სტარტაპერები კაპიტალის ნაკლებობას ასახელებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო მილევადი ხდება, რასაც, ერთი მხრივ, ქვეყანაში გამოჩენილ ვენჩურულ ფონდებს, მეორე მხრივ კი, სტარტაპერების განვითარებას უკავშირდება.

ტრადიციული ვენჩურული ფონდის ბიზნესმოდელი შემდეგნაირად მუშაობს: ფონდს ჰყავს დამფუძნებლები და ინვესტორები, რომლებიც საკუთარ ან სხვა ინვესტორების ფულს სტარტაპებში აბანდებენ, ხოლო შემდეგ, სტარტაპის განვითარების პარალელურად, ფინანსურ ამონაგებს იღებენ. ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დაფუძნდა - re:invent-ია, რომლის პორტფელში, ამჟამად, 42 სტარტაპი შედის.

ქართული ვენჩურული ფონდის შედეგები მისმა დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ BMG Talks-ში შეაჯამა. მისი თქმით, re:invent-ი ორი წელია ოპერირებს და ამ დროში, ორი საინვესტიციო რაუნდის დახურვა მოახერხა, რომელთა შორის კომპანიის შეფასება გაორმაგდა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი - ის შედეგია, რომელიც დავდეთ. დასაწყისში ბევრი ვილაპარაკეთ, რის გამოც ადამიანები ჩვენგან შედეგებს ელოდებოდნენ. re:invent-ი, ოფიციალურად, 2021 წლის 13 ოქტომბერს დავაფუძნეთ. მანამდე ფაქტობრივად არაფერი გაგვიკეთებია, რადგან საქართველოში სამი თვის ჩამოსული ვიყავი, მერე კი ექვსი თვე ორგანიზებისა და მოფიქრებისთვის დაგვჭირდა. გამოდის, რომ ორი წელია, რაც ვმუშაობთ.

ამ დროში, ორი საინვესტიციო რაუნდი ჩავატარეთ. პირველი ე.წ. “Pre-seed” რაუნდი 2022 წელს დავხურეთ - $840,000 მოვიზიდეთ, $7 მილიონის ღირებულებით. ამ რაუნდში ოთხი ინვესტორი შემოვიყვანეთ, მათ შორის ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები. 2023 წელს კი, მაიამიში ე.წ. “Seed” რაუნდი დავხურეთ - 5% გავეცით, $14-მილიონიანი შეფასებით და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Bluestone Capital-ი შემოვიყვანეთ. სწორედ ეს იყო re:invent-ის პირველი წარმატება, რადგან ორი საინვესტიციო რაუნდი დავხურეთ, საქართველოსთვის საინტერესო ღირებულებით და თან, საინტერესო ინვესტორები შემოვიყვანეთ - ადამიანები, რომელთაც ე.წ. “ჭკვიანი ფული” აქვთ და შეუძლიათ, განვითარებაში დაგეხმარონ”, - აღნიშნა პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები