გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული, ან ადრეული შეტყობინების განგაშის სისტემა ასეთი სწრაფად განვითარებული პროცესების დროს, სტიქიის საფრთხეებს ვერ არბილებს.
საქმე ეხება სტიქიურ მოვლენებს[მეწყერის ჩამოწოლა], რომელიც ზაფხულში რაჭაში, ხოლო რამდენიმე დღის წინ სოფელ ნერგეეთში განვითარდა. ოთარ შამუგიას თქმით, შვეიცარიულმა კომპანიამ შეისწავლა ვითარება რაჭაში და დაადგინა, რომ ისინი ქართველი სპეციალისტების მიერ დადებულ დასკვნას ეთანხმებიან.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოს დამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.
„სპეციალისტების დასკვნაში წერია, რომ ინფრასტრუქტურული, ან ადრეული შეტყობინების განგაშის სისტემა, სამწუხაროდ, საფრთხეებს ასეთი სწრაფად განვითარებული პროცესების დროს ვერ არბილებს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტა სივრცითი დაგეგმარებაა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები არის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ ხეობაში. ასევე, ბაღდათში, სტიქიის მაპროვოცირებელი იყო უხვი ნალექი, ბოლო პერიოდში მოვიდა მთელი თვის ნალექის ნორმის თითქმის 50%, რამაც სტიქიური მოვლენის პროვოცირება მოახდინა.
რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება და ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადავდგით. გასულ წელს მონიტორინგის სამსახურისთვის დამატებითი თანხები გამოვყავით, ასევე უნდა მოხდეს სააგენტოს საკადრო რესურსების გაძლიერება. წელს მონიტორინგის სისტემები გაფართოებისთვის დამატებით 13 მლნ ლარი გამოიყო.
ვგეგმავთ ასევე მყინვარული ხეობების შეფასებას, მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამაში გვინდა ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები, სპეციალისტები, იმისთვის, რომ ამ ყველაფრის შეფასება ყველაზე თანამედროვე სისტემებით და რაც მთავარია სწრაფად მოხდეს, რათა მივიღოთ ინფორმაცია მყინვარებთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით მეწყრულ პროცესებზე. ფინეთის მეტეოსამსახურთან გვაქვს დაგეგმილი თანამშრომლობა საერთაშორისო სისტემის და მოსახლეობის შეტყობინების სისტემის გამართვასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა შამუგიამ.