გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლებში სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის ბევრი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოს დამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, ამ პროცესში კი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ექსპერტის, დარგის სპეციალისტის მონაწილეობა“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. როგორც ვიზუალურ საინჟინრო - გეოდინამიკურ ანგარიშშია აღნიშნული, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.