მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფ. ნერგეეთში, 7 თებერვლის სტიქიისას დაზარალებული 9 ოჯახი, ჯამში, 990 256 ლარის კომპენსაციას მიიღებს

ნერგეეთი

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, მიმდინარე წლის 7 თებერვალს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი კომპენსაციის სახით, ჯამში 990 256 ლარს მიიღებს. შესაბამის განკარგულებას 20 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 4 ნოემბერს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გათვალისწინებული იყო მხოლოდ 6 ოჯახის დახმარება, ჯამურად 655 294 ლარით.

განკარგულების თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს თანხა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს გადაეცეს.

ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკომპენსაციო თანხის გაცემის შემდეგ, მიმღებ ფიზიკურ პირებს და გათვალისწინებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, აღარ წარმოეშობათ უფლება, 7 თებერვლის სტიქიასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია.

ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები