საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სუბსიდირებულ ფრენაში air Baltic-ს 231 532 ევროს გადაუხდის. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატზე გულშემატკივართა დასწრებას ხელი შეუწყოს, ამიტომ ავიაკომპანიასთან სუბსიდირებულ რეისებზე ხელშეკრულება გააფორმეს.
დღეს, 9 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და EUROBASKET-ის შემდეგ ეტაპზე გავიდა, აეროპორტების გაერთიანება ფრენებს კიდევ დაასუბსიდირებს.
სახელმწიფო კომპანიისგან დაფინანსებულ ფრენას რიგის მიმართულებით ამჯერად air Baltic-ი შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET-ზე ჩარტერული რეისების შესრულებისთვის, Georgian Airways-ს უკვე გაუფორმა 150 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება. 7 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80:70 დაამარცხა. 10 სექტემბერს კი მეოთხედფინალში ფინეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.




























