The USAID მხარდაჭერით, საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მინდინარეობს. კვლევის ინიციატორია სააგენტო აწარმოე საქართველოში და მასში ჩართულია აეროპორტების გაერთიანება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად.
როგორც bm.ge-ს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა ამერიკულ ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ს ადგილზე დაათვალიერებინეს ის შესაძლო ლოკაციები, სადაც სამომავლოდ, ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში, შესაძლოა, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი (MRO) განთავსდეს.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მსგავსი მიზანშეწონილობის კვლევის არსებობა აეროპორტებს დაეხმარება დაინტერესებულ პირებთან უფრო გამარტივებულად ითანამშრომლონ.
"ჩვენი და USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მიმდინარე პროექტი გულისხმობს რამდენად მოითხოვს ბაზარი საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის არსებობას თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ გაგვიმარტივდება ურთიერთობა იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ტექნიკური მომსახურების საწარმოს მშენებლობით იქნებიან დაინტერესებული. მათ მივაწოდებთ გამზადებულ კვლევას და ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი ამ მიმართულებით და, ზოგადად დგას თუ არა მსგავსი სახის მომსახურება დღის წესრიგში", - აცხადებს არჩუაძე.
აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება და ის ამ მიმართულებით ქვეყნის აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს მოიცავს.




























