ოქტომბრის დასაწყისიდან დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში რვა ტონაზე მეტი მანდარინი გავიდა, - ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასიდა კვიცინიამ განუცხადა.
„1-ლი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 8101 კგ მანდარინი, ხოლო გასულ წელს ამავე პერიოდში მხოლოდ 6 ტონა გავიდა ექსპორტზე“, - განაცხადა კვიცინიამ.
ციტრუსის სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში დაიწყო და მარტამდე გაგრძელდება, პიკი კი დეკემბერშია.
TASS-ს ფსოუს ე.წ. საბაჟო პუნქტში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მანდარინი ხელბარგში, მცირე პარტიებით ტრანსპორტირდება, ხოლო ნოემბერში მანდარინის ექსპორტი ჩვეულებრივ სატვირთო მანქანებით დაიწყება.