მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთიდან რუსეთში ქართული პასპორტით გადავდივართ - აფხაზეთის მცხოვრებლები

ფსოუ

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა საქართველოს ბიომეტრიული პასპორტითაც შესაძლებელი გახდა. უკვე რამდენიმე კვირაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ფსოუს საზღვარს ე.წ. აფხაზურ ბინადრობის მოწმობასთან ერთად, ქართული პასპორტითაც კვეთენ.

როგორც BMG-ის წყარო ქალაქ გალიდან უყვება, რამდენიმე დღის წინ "ფსოუს" საზღვარი მან ქართული პასპორტით გადაკვეთა.

"აქ მცხოვრები ქართველების უმეტესობას ბინადრობის მოწმობა გვაქვს. აქამდე რუსეთში წასასვლელად აფხაზეთის ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი იყო საჭირო. ვისაც ბინადრობის მოწმობა გვქონდა, მხოლოდ ზუგდიდში გადასვლა შეგვეძლო. ახლა ბინადრობის მოწმობასთან ერთად, საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტს რომ აჩვენებ, საზღვარზე გიშვებენ", - აცხადებს გალის მცხოვრები.

კიდევ ერთი წყარო ტყვარჩელიდან ამბობს, რომ რუსეთში ორი კვირის წინ ქართული პასპორტით გადავიდა.

"პრობლემა არ შემქმნია. მხოლოდ აფხაზური ბინადრობის მოწმობით არ გამიშვეს, ქართული პასპორტი გჭირდება", - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში წასასვლელად ე.წ. აფხაზური ან რუსული პასპორტი იყო საჭირო. მოქალაქეებს, რომლებსაც ე.წ. აფხაზური ბინადრობის მოწმობა ჰქონდათ, "ფსოუს" გადაკვეთა აკრძალული ჰქონდათ.

BMG-იმ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.