ოკუპირებულ აფხაზეთის ნაწილში, უამინდობის გამო, უკვე 24 საათზე მეტია ელექტროენერგია გათიშულია. დენი ოკუპირებული ტერიტორიის 4 რაიონს არ მიეწოდება.
"ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონებში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ტყვარჩელის რაიონის ნაწილს. დენი არ შეწყვეტილა გალის რაიონში.
ოკუპირებულ აფხაზეთში უამინდობამ რამდენიმე ქალაქი და სოფელი დააზიანა. მედიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სოხუმში ხეები ჩამოვარდა. სოხუმის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსს ხე დაეცა.
ოჩამჩირის რაიონში ღამით ჩამოვარდნილმა ხეებმა საავტომობილო გზა გადაკეტა. ოჩამჩირეში ორ 5-სართულიან კორპუსს ქარმა სახურავი ახადა.
გუდაუთის რაიონში ძლიერი ქარის გამო 15-მდე სახლი დაზიანდა. დაირღვა ელექტროგადამცემი ხაზები და დაინგრა ბოძები.
გალის რაიონში სერიოზული დაზიანებები არ შეინიშნება.