მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება სოხუმიდან ფრენებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს ეხმაურება

სოხუმის აეროპორტი

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება თბილისს „კონფრონტაციულ რიტორიკაზე“ უარის თქმისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც სოხუმის აეროპორტიდან რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებას შეეხებოდა.

„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის ბოდიშის მოხდა და ყოფილი მმართველი პარტიის დასჯა მოუწევს“, აფხაზეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებიდან გამომდინარე, პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ელოდა. თუმცა, ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების მორიგი თავდასხმები შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი მიდგომები არამხოლოდ გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას არ უწყობს ხელს, არამედ დიალოგის შესაძლებლობასაც ძირს უთხრის.

“აფხაზეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 თებერვალს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში რუსულმა ავიაკომპანიამ პირველი ფრენა შესრულდა. რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება კი, ზაფხულში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის განუცხადეს, რომ “სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ".

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები