მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მოქალაქეები ქვეყანას, იდენტობას, ენასა და კულტურას კარგავენ - აფხაზი საზოგადო მოღვაწე

სოხუმი

"აფხაზეთის მოქალაქეები, განურჩევლად რწმენისა და პრეფერენციებისა, ხელისუფლების მხარდამჭერები არიან თუ არა, იწყებენ იმის გაგებას, რომ საკუთარ ქვეყანას კარგავენ", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული კონფერენციის სპიკერმა განაცხადა. როგორც გურამ გუმბა აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაანადგუროს.

"თავხედურად და ცინიკურად, ხელისუფლება ცდილობს, სისხლით მოპოვებული თავისუფლება და აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაანადგუროს. ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომ აფხაზეთის დესუვერენიზაციის მცდელობები საქართველოდან, დასავლეთის მხარდაჭერით მოდის, მაგრამ ის, რომ ჩვენ მიერ არჩეული აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამგვარი პოლიტიკის გატარებას დაიწყებდა, წარმოუდგენლად მიმაჩნდა", - აცხადებს გუმბა.

აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის განადგურების წინაპირობად გუმბას რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, "აგენტების შესახებ კანონი" და სხვა გადაწყვეტილებები მიაჩნია.

"ფაქტები თვალშისაცემია: აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევით, მისი სუვერენიტეტის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა; კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, რომლის მიღება აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ დასახლებას, რაც საფრთხეს შეუქმნის პატარა აფხაზი ხალხის არსებობას; კანონპროექტი "უცხოელი აგენტების შესახებ", ნამდვილი პატრიოტების, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეების, თავისუფლების სულის მატარებელი ხალხის საწინააღმდეგოდ მიმართული; უწყებათაშორისი ხელშეკრულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის შიდა ჯარები, შესაძლოა, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვაში ჩაერთონ, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ხალხისთვის ომის გამოცხადების მცდელობა", - აღნიშნავს ის.

ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული კონფერენციის სპიკერი აღნიშნავს, რომ აფხაზები იდენტობის, ენისა და კულტურის დაკარგვის წინაშე არიან.

"ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში უცხო კულტურული და სულიერი ტრადიციების აგრესიული დაწესების შედეგად, ხალხის იდენტობის დაკარგვის, ენისა და კულტურული დაშლის რეალური საფრთხის; აფხაზების რაღაც "კულტურულ სამყაროში" შეგუების სურვილის ფონზე. მთელი თავისი ქმედებებით, ხელისუფლება ცდილობს, არა მხოლოდ დავიწყებას, არამედ აფხაზი ხალხის დემოკრატიული ტრადიციების დისკრედიტაციას", - აღნიშნავს გუმბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები