მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთში საწვავის ბაზარზე რთული სიტუაციაა" - ე.წ. სამინისტრო

საწვავი აფხაზეთში

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი ძვირდება, თუმცა დე ფაქტო მთავრობაში ირწმუნებიან, რომ დეფიციტის საშიშროება არ დგას. აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთში საწვავის ფასის ზრდა, რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

“რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის  ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, საწვავის დეფიციტს განიცდის. კრიზისი ყველაზე მწვავედ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებშია. საწვავის დეფიციტი ასტრახანის, სარატოვის, სამარას, რიაზანის, როსტოვის, ნოვოსიბირსკისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, ხაბაროვსკის ტერიტორიასა და ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე ფიქსირდება”, - აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ბაზარზე საწვავის დეფიციტის შედეგად, აფხაზეთში რთული სიტუაცია შეიქმნა. 

„რუსეთის ბაზარზე საწვავისა და საპოხი მასალების დეფიციტის გათვალისწინებით, რუს კოლეგებთან კონსულტაციების შედეგებზე დაყრდნობით, აფხაზეთში განვითარებულ სიტუაციას მივიჩნევთ როგორც რთულ, მაგრამ არა კრიზისულ სიტუაციად. სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს უპირველესი პრობლემის - დეფიციტის წარმოქმნის პრევენციისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს 12 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ნავთობის საცავებში შენახული ნავთობპროდუქტების მოცულობა 2624 ტონა დიზელის საწვავსა და 3510 ტონა ბენზინს შეადგენს.