აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ-ებს ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ, - შესაბამისი ცვლილებები შედის „გრანტების“ შესახებ კანონში. ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არის წარდგენილი პარლამენტში და ის დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ორწლიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა აღნიშნული ცვლილების განხორციელების საჭიროება, რითაც აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს ან ექნება კომპეტენციები ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების მიმართულებით, მიეცემათ ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
მომხსენებლის შეფასებით, ამით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავლენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროფილით მუშაობენ. მისივე თქმით, საკითხის ინიცირებამდე აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობასთან არის 76 შეჯერებული.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა, ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.