მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მთავრობას მაღალი გამავლობის მანქანის შეძენის აუცილებლობა არ ჰქონდა - აუდიტი

64579cc3d2125
მარიამ ვარადაშვილი
07.05.23 23:30
1806
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღების, გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. ანგარიში 2020-2021 წლებს მოიცავს. 

ანგარიშის თანახმად, 2020-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ხშირი მივლინებები არ დასტურდება, რის გამოც  ავტომობილის შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ შეძენილი მაღალი გამავლობის ავტომობილის ნაცვლად, ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, დაიზოგებოდა დაახლოებით, 10 ათასამდე ლარი და საბიუჯეტო სახსრებიც ეფექტიანად გაიხარჯებოდა.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის აპარატის მიერწარმოდგენილი იყო ორი გარემოება:   

1. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისათვის გაპიროვნებული ავტომობილის ექსპლუატაცია მისი წარმოების წლისა და ძრავის მოცულობის გათვალისწინებით, დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან.

2. მაღალმთიან რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ხშირი მივლინებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მასზე გაპიროვნებულიყო მაღალი გამავლობის ავტომობილი. 

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ 2020-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ხშირი მივლინებები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არ დასტურდება.

ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ხშირი მივლინებების გარემოების გათვალისწინებით, მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა არ დასტურდება. შესაბამისად, სათანადო ობიექტური საჭიროების დასაბუთების გარეშე შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომობილი. ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, დაახლოებით, 10 ათასამდე ლარი დაიზოგებოდა.

ამას გარდა, ანგარიშში წერია, რომ სამსახურებრივ ავტომობილებზე ფიქსირდებოდა დასვენების/უქმე დღეებში საწვავის ჩასხმის ისეთი ფაქტები, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში არ იყო ასახული. აღნიშნულის გამო, ვერ იდენტიფიცირდებოდა სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენება და იქმნებოდა საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით, არაეფექტიანად გახარჯვის რისკები.

2020-2021 წლებში ორგანიზაციებში ოთხ სამსახურებრივ ავტომობილზე ვერ იქნა მოპოვებული მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, მათ შორის, ორ შემთხვევაში − არ იწარმოებოდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში − დაიკარგა.

ამასთან, საწვავის ხარჯვის დადგენილი ლიმიტების შესახებ ბრძანება, უმეტესად წარმოადგენდა ფორმალურ დოკუმენტს და საოპერაციო საქმიანობისას არ იყო გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, რის გამოც ფაქტობრივად არ კონტროლდებოდა ლიმიტების გადაჭარბების ფაქტები. საწვავის ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობით ჩასხმის ცალკეული შემთხვევა კი მიუთითებდა საწვავის ჩიპის სხვა ავტომობილში შესაძლო გამოყენებაზე. აღნიშნულით დასტურდება, რომ არ არსებობს კონტროლის გარემო და იქმნება საწვავის არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები