„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო საწარმოების მიერ გამომუშავებული ფულის არამიზნობრივი ხარჯვა სისტემურ ხასიათს ატარებს - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია BMG-სთან ნავთობის და გაზის კორპორაციაზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისას აცხადებს.
ცომაია ამჟამინდელი მთავრობის განცხადებებს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში ვითარება არსებითად არ შეცვლილა და პროცესი უფრო ძველ მმართველობასთან ანგარიშსწორებას ჰგავს.
„ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ 2022-2023 წლის შემდეგ კობახიძის პერიოდში არსებითად გამოსწორდა ვითარება... პირადად მე ვერ ვხედავ ამის ობიექტურ ნიშნებს. უფრო ვენდეტას ჰგავს და რევანშს ძველ მმართველობასთან, ვიდრე კორუფციასთან ბრძოლას.
კორუფციის პრობლემა სისტემურ პრობლემად რჩება. ამის ფაქტები გვაქვს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, არამედ წმინდა საბიუჯეტო სექტორშიც, სადაც საჯარო მოხელეების მიმართ პრივილეგირებული დამოკიდებულებაა და უაზროდ მაღალი ხელფასები ზოგიერთი პირის შემთხვევაში. ეს მიუთითებს, რომ არამიზნობრივად იხარჯება სახსრები და ამას არც სჭირდება დიდი გამოკვლევა და დამტკიცება“ - აცხადებს ცომაია BMG-სთან.
ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველოში „ურთიერთდამაბალანსებელი ინსტიტუტები“ (Checks and Balances) აღარ არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანია.
„იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერზე - კანონმდებელიც არის, აღმასრულებელიც არის, მოსამართლეც არის და პლუს პროპაგანდისტიც, რა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ჩვენ? შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფო დღეს არა გვაქვს“ - ამბობს ცომაია და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რაც საჯარო მოხელეებს საბიუჯეტო სახსრების მითვისებისკენ უხსნის გზას.
კითხვაზე, რამდენად იძლევა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები და საქმეების პროკურატურაში გადაგზავნა მდგომარეობის გამოსწორების იმედს, ცომაია ამბობს, რომ ეს დასკვნები რეალურ რეფორმებს არ ემსახურება.
„ეს დასკვნა უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი კომპრომატი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომელიც არაფორმალურ მმართველს რაღაც დროის მომენტში არ მოუვა თვალში. აუდიტის სამსახური მოქმედებს ერთი კონკრეტული არაფორმალური პირის დაკვეთით... ასე იმართება ქვეყანა და ეს არ არის სახელმწიფო“ - აცხადებს აკაკი ცომაია.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, 2022-2023 წლებში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა. მათ შორისაა დაუსაბუთებელი 7 მლნ ლარზე მეტი პრემიები, თანამშრომლების არასაპატიო გაცდენების მიუხედავად გაცემული 140 ათასამდე ლარის ანაზღაურება, შტატგარეშე თანამშრომლების საქმიანობის აღურიცხაობა, ერთსა და იმავე პოზიციებზე არათანაბარი ხელფასები და სხვა ნაკლოვანებები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და საწვავის ხარჯებსაც ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორპორაცია დადგენილებით განსაზღვრულზე 19-ით მეტ ავტომანქანას ფლობდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებები ისეთ თანამდებობის პირებზე იყო განპიროვნებული, რომელთაც ის კანონმდებლობით არ ეკუთვნოდათ. არ არის დადგენილი ავტომობილებზე საწვავის ლიმიტები და ხარჯები, რაც საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა.




























