მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღარ დარჩება არცერთი ბიზნესი, რომელიც რეგულირებას არ დაექვემდებარება - მაია ბითაძე

64415c248a9af
BM.GE
20.04.23 19:45
1340
ერთი „მინისტრის საათი“ ნამდვილად არ ეყოფა, რომ აღიწეროს ის პროცესი, რაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

მისივე თქმით, მარტო კანონმდებლობის მოწესრიგება არ კმარა, საჭიროა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პირობებში და მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთად მობილიზებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. მათ შორის ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც ეხება ერთიანი ინტეგრირებული სანებართვო სისტემის შექმნას, რაც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად აღარ დარჩება არცერთი ბიზნესი, რომელიც არ დაექვემდებარება რეგულირებას, რაც თავის მხრივ, დააზღვევს არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ დააზღვევს იმ სამომავლო ინვესტიციებს, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით იყოს გაღებული“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 სამართლებრივი დოკუმენტიდან, რომელიც ევროკავშირის მიერ გვაქვს ვალდებულებად ნაკისრი, 23-თან კანონმდებლობის ჰარმონიზება მოხდა.

„ახლა მიმდინარეობს აღსრულების მნიშვნელოვანი პროცესი ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. გარემოს დაცვის სფერო დღეს უკვე შეჭრილია ქალაქგეგმარებაში. 2026 წლისთვის 300 ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი გვექნება, გეოლოგიური დასკვნები დაეფუძნება მხოლოდ იმ კვლევებს, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს და ამ კუთხით ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ცვლილებები და ტექინსპექტირების განმეორებითი დაჯარიმება შემოვიტანეთ, ახლა განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს ეხება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ჯარიმებს.

„ძალიან ბევრია იმ კანონმდებლობის ჩამონათვალი, რომლის მიღებაზეც ვმუშაობთ, მაგრამ ერთია მიღება და მეორეა - აღსრულება. მონდომება და პოლიტიკური ნება ამ ხელისუფლებას მაღალ დონეზე აქვს აყვანილი. ჩვენი ამომრჩევლის ხმა, რომ იცხოვრონ ჯანსაღ და სუფთა გარემოში იქნა გაგონილი და ის პროცესი, რასაც ახლა ვახორციელებთ და მომავალში განვახორციელებთ, არის მხარდასაჭერი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები