ბიზნესმენი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზერ ჩოჩელი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია.
მისი შეფასებით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ის ჩუმდებოდა მაშინაც კი, როდესაც მის ბიზნეს საქმიანობაში უხეშად ერეოდნენ, თუმცა ახლა, როდესაც ევროპულ მომავალ ართმევენ ქვეყანას, არ გაჩუმდება.
ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია - კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მისი მიღება შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და საქართველოს მტრების ინტერესებში.
90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არ მინახავს რუსეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერების შვილებს და ახლობლებს განათლების მიღება მოეწადინებიათ რუსეთში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ის ხალხი ვინც ინიციატივით გამოდის ამ კანონის მიღებით, მათი შვილები, ახლობლები ყველა სარგებლობს ევროპული სიკეთით. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რა არის ამ კანონის მიზანი? თვითონ მიიღონ ევროპული განათლება, თვითონ ჰქონდეთ ქონება ევროპაში, იცხოვრონ ევროპაში, ბიზნესი აწარმოონ ევროპაში და ჩვენ და ჩვენი შვილები დავრჩეთ რუსეთის კოლონიად? დღეს, როგორც არასდროს, ისე გვინდა ქართველ ხალხს ერთიანობა. ყველა, იმისდა მიუხედავად ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ვის რა სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვუთხრათ ამ კანონს არა.
აქვე, მინდა გითხრათ, როგორც ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ არა ევროპა, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა დღეს ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. დღევანდელი კანონი ჰგავს კუდიანებზე ნადირობას. როდესაც უცხოურ აგენტებად ვაცხადებთ ადამიანებს მათი დამფინანსებლები ჩვენთან მტრულად განწყობილი ორგანიზაციები არიან? რომელთა წყალობითაც ფეხზეა დამდგარი ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, დემოკრატიზაციის პროცესები და ასე შემდეგ. თუ ეს ორგანიზაციები 2012 წლამდე და 2012 წელს ითვლებოდნენ დემოკრატიის მხარდამჭერ შუქურებად დღეს რა გვემართება?“,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
ბიზნესმენი საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროატლანტიკური სივრცე იყოს.
მინდა მოვუწოდო ყველა პატრიოტ ადამიანს, მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა, ეს იქნება ბიზნესის წარმომადგენელი, სახელისუფლებო მოხელე თუ სხვა. ყველამ ერთად ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა და ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს.
პ.ს მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ დაუშვებენ იგივე შეცდომას, რაც დაუშვა ყველა წინამორბედმა - მათ მიერ მიღებული კანონები, მუშაობდნენ მათივე წინააღმდეგ. მინდა გულწრფელად გითხრათ, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ხელისუფლებიდან წასვლის, მერე შესთავაზა თავშესაფარი, თქვენ ამასაც ვერ მოესწრებით - გასაქცევი არსად გექნებათ.
გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს.
გავჩუმდი მაშინ, როცა არ მომეცით ახალი პროექტების განვითარების საშუალება.
არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს“, - აცხადებს ჩოჩელი.