აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი Gabala Beverage Company-ის დამფუძნებელს, ცეზარ ჩოჩელს შეხვდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა რეგიონში ახალი მასშტაბური სამრეწველო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.
კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის ბიზნეს ინიციატივები და გაბალას რაიონში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ახალი საწარმოო ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობა.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად მიქაილ ჯაბაროვმა.
"Gabala Beverage Company-ის დამფუძნებელთან, ცეზარ ჩოჩელთან შეხვედრაზე განვიხილეთ კომპანიასთან თანამშრომლობის საკითხები და ბიზნესინიციატივები.
ჩვენ აღვნიშნეთ მათი პერსპექტივები რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გაბალაში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ქარხნის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოები და პროექტის პერსპექტივები დასაქმების ხელშეწყობის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით", - აღნიშნავს მინისტრი.
The Gabala Beverage Company 2024 წელს შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აზერბაიჯანის ბიზნესის განვითარების ფონდისა და საქართველოს შპს „ქართული ლუდის კომპანიის“ ერთობლივი საწარმოს სახით. პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანში, გაბალაში, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი თანამედროვე ქარხნის აშენებას, 140 მილიონი ლიტრი წლიური წარმოების სიმძლავრით.
BM.GE ცდილობს პროექტის საინვესტიციო ღირებულების და სხვა დეტალების შესახებ მეტი ინფოს გარკვევას.




























