სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 62-მდე გაიზარდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს. მანამდე მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვალენსიის რეგიონში წყალმოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა არ დასტურდებოდა.
კოკისპირულმა წვიმებმა, რომლებიც ცივი ჰაერის მასების გადაადგილებითაა გამოწვეული, ესპანეთის ქალაქებისა და სოფლების დატბორვა სამშაბათიდან დაიწყო. სამაშველო სამსახურმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ესპანეთის ამინდის სახელმწიფო სააგენტომ რეგიონის მასშტაბით წითელი განგაში გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ ვალენსიის ნაწილში 200 მმ ნალექის მოსვლას ვარაუდობენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც ვალენსიაში მოვარდნილ ტორნადოს ასახავს, რაც ესპანეთისთვის იშვიათი ფენომენია.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკეტილია სკოლები და სხვა აუცილებელი დანიშნულების დაწესებულებები.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ექსტრემალური ამინდი უფრო გახშირდება. მეტეოროლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ ხმელთაშუა ზღვის თბობა, რაც წყლის აორთქლების ტემპის ზრდას იწვევს, მთავარ როლს ასრულებს კოკისპირული წვიმებით გამოწვეული მწვავე სტიქიების დადგომაში.