მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო 92 დანადგარიდან 16-ის მოდერნიზებაა დაგეგმილი" - თავდაცვის სამინისტრო

სეტყვასაწინააღმდეგო აპარატი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სერგო ჯანელიძის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო 92 დანადგარით მუშაობს, საიდანაც 16-ის მოდერნიზებაა დაგეგმილი. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა

მისივე ცნობით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონზე ძირითადად კავკასიონის მხრიდან ხდება შემოტევა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე 16 წერტილია შემუშავებული, რისი დაფარვაც წლის განმავლობაში იგეგმება.

“აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სეტყვის საწინააღმდეგო 92 დანადგარით ვმუშაობთ. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, კავკასიონის მხრიდან გვაქვს უფრო დიდი შემოტევა. ამიტომ 16 დანადგარის მოდერნიზება არის დაგეგმილი. აქედან 1 უკვე მოდერნიზებულია და უკვე მაღალი სიმაღლის რაკეტებით ვაკომპლექტებთ. ეს არის 10 კმ-მდე. წინა პერიოდში, 7 კმ-ზე ვმუშაობდით და ახლა უკვე გვინდა, რომ კავკასიონის ნაწილის მოდერნიზება მოხდეს და 16 ერთეულის 10 კმ სიმაღლეზე გადაკეთება გვინდა, ვიდრე ღრუბელი ქვემოთ ჩამოვა და მეტ ზიანს მიაყენებს სავარგულებს”, - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, 92-ვე დანადგარი ტექნიკურად გამართულია. ამასთან, 16 წერტილია შემუშავებული, რის დაფარვასაც წლის განმავლობაში გეგმავენ.

“ტექნიკური ნაწილი ჩვენ ყოველ წელს გვაქვს დაგეგმილი, რომ ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ იხსნება აბსოლუტურად ყველა დანადგარი და შემოდის დელტაში. მისი მოდერნიზება, ტექნიკური გაკეთილშობილება ხდება და უკან თავის ადგილებში ბრუნდება. 92-ვე დანადგარი ტექნიკურად გამართულია. აღმოსავლეთ საქართველოში, დამატებით 16 წერტილია შემუშავებული, რომლის გადაფარვაც გვინდა. წლის განმავლობაში 12 დანადგარით შევსებას ვეცდებით", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი ინფორმაციით, თუ აქამდე ამ მიმართულებით 3-4 ეკიპაჟით მუშაობდა, დღეს ეკიპაჟების რაოდენობა 6-მდეა გაზრდილი. ნაყიდია ახალი ავტომანქანები და მიმდინარეობს შესაბამისი ჯგუფებით დაკომპლექტება.

"სეზონს ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად შევხვდებით. დღესდღეობით 4000 რაკეტა გვაქვს. ტენდერი გამოცხადებულია 5000 რაკეტის შეძენაზე. ვფიქრობთ, რომ სავსებით მოვერევით მთლიან სეზონს. ეს არის ბულგარული წარმოშობის რაკეტა. ცოტა გვიჭირს შესყიდვა, ვინაიდან მხოლოდ ბულგარეთი აწარმოებს ამ რაკეტებს. ალტერნატივა ვერ მოვიძიეთ, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები”, - განაცხადა სერგო ჯანელიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების აუდიტის ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და სსიპ დელტასთვის რამდენიმე რეკომენდაცია გაწერა. კერძოდ, ქვეყანაში დამატებითი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების საჭიროება და სეტყვიან დღეთა რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა. ამასთან, სეზონის განმავლობაში მეტეოროლოგიური რადარის გამართული ფუნქციონირება, საცეცხლე დანადგარების რაკეტებით მომარაგება-შევსების პროცესში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, როგორც ადამიანური, ასევე ლოგისტიკური მიმართულებით და ბოლოს, კოორდინირებულად უნდა იქნეს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები შემუშავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები