2028 წლის 3 იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება „აღნიშვნა ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს, - შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის პირველი რედაქციით, ცვლილებები 2024 წლის 2 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და თარიღის გადაწევას ითხოვს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილებების მიზანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარების ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების შეუფერხებლად წარმოება და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარება, ქართული საწარმოების საქმიანობის ხელშეწყობა არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
„აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება „აღნიშვნა ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ხოლო ამ ნორმის ამოქმედებამდე, ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული („ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (2017 წლის 15 ივნისის N972-IIს კანონი))“, - წერია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტი გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება (დაახლოებით 60 კომპანიაა), ვინაიდან, ახალი მოთხოვნის (ეტიკეტზე მიეთითება „ქართული ბრენდი“ შეიძლება, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს) ძალაში შესვლის შემთხვევაში გაძვირდება ბრენდის თვითღირებულება, რაც გამოიწვევს ქართული ბრენდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შემცირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად, მათი შემოსავლების შემცირებას.
„კანონპროექტის მიღება კი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტს“, - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.